Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

სვანეთი: ადგილი, სადაც თავს სახლში ვგრძნობ

სვანეთი: ადგილი, სადაც თავს სახლში ვგრძნობ

ტექსტის ავტორი: ნინუცა ორჯონიკიძე, Text by Ninutsa Orjonikidze

ხშირად მიწევს მოგზაურობა და უამრავი ადგილი მაქვს ნანახი, მაგრამ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც თავს ნამდვილად სახლში ვგრძნობ – ეს სვანეთია. ძალიან რთულია, ერთ პატარა სტატიაში დაიტიო ის უდიდესი ისტორია და ემოცია, რაც ამ მხარეს, განსაკუთრებით კი „უბატონო“, ანუ ბალსზემო სვანეთს ახლავს თან. სანამ უშუალოდ მოგზაურობაზე, ჩემს საყვარელ მარშრუტებსა და ადგილებზე გადავალ, მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც სვანეთში მომითხრეს და რომელიც ყველაზე კარგად ხსნის ამ ხალხის დაუმორჩილებელ ხასიათს.

ეს არის ისტორია სვანების თავისუფლებისმოყვარე ბუნებაზე. ისტორიულად, უშგული და ბალსზემო სვანეთი უბატონო თემი იყო, თუმცა დროდადრო ჩნდებოდნენ ადამიანები, ვინც მათ დამორჩილებას ცდილობდა. ერთ-ერთი ასეთი იყო თავადი ფუთა დადეშქელიანი, რომელმაც ამ თავისუფალ ხალხზე გაბატონება მოინდომა. ლეგენდის თანახმად, სვანებმა თავისუფლების დაკარგვას მისი თავიდან მოშორება არჩიეს. უშგულში, ლამარიას ეკლესიასთან შეკრებილმა თემმა ის ერთად გამოასალმა სიცოცხლეს. იმისთვის, რომ მკვლელობა ერთ კონკრეტულ ადამიანს არ დაბრალებოდა და პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად გაენაწილებინა, თოფის ჩახმახს გრძელი თოკი გამოაბეს და მთელმა სოფელმა ერთდროულად გამოსწია. ეს იყო არა უბრალოდ მკვლელობა, არამედ მთელი თემის მტკიცე განაჩენი – სვანეთი არასოდეს შეეგუებოდა ბატონყმობას. სწორედ ამ თავისუფალი სულისკვეთების, საოცარი სიმშვიდის, ისტორიისა და ბუნების სრულყოფილი ჰარმონიის გამო ვბრუნდები აქ ისევ და ისევ. მომდევნო ნაწილში კი გაგიზიარებთ იმ კონკრეტულ ადგილებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახულოთ...

მოგზაურობა დავიწყოთ უშგულით, რომელიც 1996 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ქვეშ იმყოფება. ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარე ეს უნიკალური თემი ისტორიულად, მკაცრი კლიმატის გამო, წელიწადში 6 თვის განმავლობაში სრულიად მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. სწორედ ამ იზოლაციის დამსახურებაა, რომ უშგულმა ყველაზე კარგად შემოინახა თავისი პირვანდელი, ავთენტური იერსახე. ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის კი აქ ნამდვილი სამოთხეა: შეგიძლიათ სკიტურით ახვიდეთ თოვლიან ფერდობზე და იქიდან პირდაპირ უშგულის ცენტრში დაეშვათ სრიალით. აქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მე-12 საუკუნის ტრადიციულ სვანურ ზამთრის სახლს – „მაჩუბს“ დაათვალიერებთ. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ ფრიდონ ნიჟარაძის სახლ-მუზეუმი. ფრიდონი სრულიად უნიკალური და ექსცენტრიკული სვანი მხატვარი იყო. მისი შემოქმედება მართლაც გამორჩეული და დაუვიწყარია, რადგან მის ტილოებზე საოცარი ჰარმონიით ერწყმის ერთმანეთს სურეალიზმი, სვანური მითოლოგია, ქრისტიანული მისტიკა და კოსმოსური ხილვები.

თუ ჰაიკინგი გიყვართ, მესტიასთან ახლოს ორი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. პირველი ქორულდის ტბებია, სადაც ასვლა ფეხითაც შეგიძლიათ და მანქანითაც. ულამაზესი ალპური მინდვრები და ცის სარკისებრი ანარეკლი ტბებში — ეს მართლაც ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა.

ჩემთვის მეორე ყველაზე საყვარელი ადგილი შდუგრას ჩანჩქერია. ჩანჩქერამდე ულამაზესი საფეხმავლო ბილიკი მიდის. ნელი სვლით, დაახლოებით 2-3 საათში, საოცარი ტყის გავლით მიაღწევთ დანიშნულების ადგილს. ეს იდეალური მარშრუტია საჰაიკინგოდ და ბუნებასთან დასაახლოებლად.

ბავშვობაში სულ ყურში ჩამესმოდა, რომ რადგანაც მთელ საქართველოს მტერი აოხრებდა, ქართველებს გადასარჩენად განძი სვანეთში მიჰქონდათ. მაგრამ, როდესაც მესტიის მუზეუმში შედიხარ და ამ ექსპონატებს საკუთარი თვალით ხედავ, გაოცებული რჩები და ბოლომდე იაზრებ, რამხელა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ხალხი ვართ. ასევე, აუცილებლად უნდა ახვიდეთ ჰაწვალზე, საიდანაც უშბის ულამაზესი ხედი იშლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უშბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დიდებული მთაა.

იქიდან გამომდინარე, რომ მესტიას ხშირად ვსტუმრობ, უკვე ჩემი საყვარელი ადგილებიც მაქვს: „კაფე ლაილა“, სადაც უფრო ტრადიციული კერძები დაგხვდებათ; სასტუმრო-რესტორანი „ძველი სახლი მესტია“ (Old House Mestia), სადაც ხახვიანი ხაჭაპური და ფეტვიანი ჭვიშტარი აუცილებლად უნდა გასინჯოთ; და „ტვინ პიქსი“ (Twin Peaks) – მათთვის, ვისაც ქართული კერძების დაგემოვნება ევროპული აქცენტებით სურს.

დასასრულს კი ვიტყვი: ეს ჩემი არცთუ ისე მოკლე სიაა იმ ადგილებისა, რომლებიც პირველად სვანეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოთ იმისთვის, რომ ნამდვილად შეიგრძნოთ სვანეთი.

კიდევ წაიკითხეთ

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია
ავიაცია

თითოეული ფრენის მიღმა: პილოტის პროფესია

როდესაც მგზავრი თვითმფრინავში ადის, ის საკუთარ უსაფრთხოებას ეკიპაჟს ანდობს. თუმცა ბევრმა არ იცის, რამდენწლიანი სწავლა, გამოცდილება და მუდმივი გადამზადება დგას ყოველი ფრენის უკან. თითოეული პილოტი ავიაკომპანიაში მუშაობამდე ხანგრძლივ და ძალიან პასუხისმგებლიან გზას…

მილანი
მოგზაურობა

მილანი

მილანი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი ქალაქია. იგი აერთიანებს ისტორიულ არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრებას, მოდის სამყაროს და კულტურულ მრავალფეროვნებას. სწორედ ამიტომ აქ ჩასული მოგზაურები ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს მაშინვე გრძნობენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა
ლაიფსტაილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 49 წლიანი „მზიანი ღამის“ ეპოქა

საქართველო ყოველთვის ეძებდა რწმენის, სიმყარისა და სულიერი ერთიანობის გზას. შთაგონებას, იმედს, რწმენისა და ნდობის გაღვიძებას, ეკლესიისთვის მრევლის დაბრუნებას. და აი გამოჩნდა ადამიანი ვისი სიტყვები და ქმედებებიც ასახავდა არა მხოლოდ სულიერ სიმტკიცეს, არამედ…