Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

თბილისი მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე

თბილისი მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე

ზოგჯერ ერთი ქალაქის კულტურული ცხოვრება გაცილებით ფართო სივრცეს აერთიანებს, ვიდრე მისი გეოგრაფიული საზღვრებია. თითქმის სამი ათეული წელია, პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი სწორედ ასეთ სივრცეს ქმნის – თბილისი ხდება შეხვედრის ადგილი ახალგაზრდა პიანისტებისთვის, მსოფლიოს წამყვანი პროფესორებისა და საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვის.

კონკურსი დაარსდა 1997 წელს, ქართველი პიანისტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის, მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. მისი დამფუძნებლის პროფესიული ავტორიტეტისა და დაუღალავი შრომის შედეგად, კონკურსმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში. იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით და დღეს არა მხოლოდ ერთ-ერთი სერიოზული საფორტეპიანო კონკურსია, არამედ საქართველოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილიც.

კონკურსის მთავარი მიზანი დაარსების დღიდან უცვლელია – ქართული საფორტეპიანო სკოლის ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება, ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული ზრდისა და საერთაშორისო კარიერის ხელშეწყობა და საქართველოს კულტურის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენა.

ამ მისიის გაგრძელებაა 2026 წლის კონკურსიც, რომელიც 5–16 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. წინასწა რი შერჩევის შედეგად კონკურსში მონაწილეობს 27 ახალგაზრდა პიანისტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ყველა მათგანი დაუკრავს I და II ტურებს, ნახევარფინალში 10 კონკურსანტი გადავა, ფინალში კი 6 პიანისტი მიიღებს მონაწილეობას. ჟიურიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელგანთქმული მუსიკოსები და პედაგოგები არიან წარმოდგენილი.

წელს კონკურსს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: იგი ეძღვნება მის დამფუძნებელსა და სულისჩამდგმელს, მანანა დოიჯაშვილს. მის მიერ დაარსებული კონკურსი დღესაც აგრძელებს გზას, რომელიც მან წლების განმავლობაში შექმნა და განავითარა. 2026 წლის კონკურსი ამ ტრადიციის გაგრძელებაა და ახალი სამხატვრო დირექტორის, ალექსანდრე კორსანტიას, ხელმძღვანელობით იმართება.

თბილისის კონკურსის საერთაშორისო რეპუტაციას მისი პროფესიული კავშირებიც ამყარებს. იგი 2002 წლიდან საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (WFIMC), ხოლო 2007 წლიდან მარტა არგერიხისა და გუსტავ ალინკის ფონდის წევრია.

ასეთი მასშტაბის კულტურული მოვლენის არსებობა მხოლოდ ერთი ორგანიზაციის ძალისხმევით შეუძლებელია. მის უკან დგანან ადამიანები და ინსტიტუტები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ კულტურის როლს როგორც ქვეყნის საერთაშორისო წარმოჩენაში, ისე საზოგადოების განვითარებაში.

კონკურსის საერთაშორისო მასშტაბი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში კარგად აჩვენებს, რამდენად ბუნებრივად შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეს კულტურა, საერთაშორისო ურთიერთობები და ქვეყნის თანამედროვე სახე. სწორედ ამგვარი პროექტების მხარდაჭერა ქმნის შესაძლებლობას, რომ საქართველო კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი მსოფლიო კულტურულ რუკაზე.

ამ გზაზე კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ავიაკომპანია „აირზენა“, რომელსაც საერთაშორისო კულტურულ პროექტებთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება აქვს. ავიაცია ადამიანებსა და ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს, კულტურა კი ამ კავშირებს შინაარსს სძენს. მადლობას ვუხდით „აირზენას“ ხელშეწყობისა და თანადგომისთვის.

2026 წლის ოქტომბერში თბილისი კვლავ უმასპინძლებს მუსიკას, რომელიც საზღვრებს სცდება – და ახალგაზრდა პიანისტებს, ვისთვისაც პიანისტთა თბილისის VIII საერთაშორისო კონკურსი შესაძლოა დიდი შემოქმედებითი გზის დასაწყისი გახდეს.

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲣᲡᲘᲙᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲔᲑᲘᲡ ᲤᲝᲜᲓᲘ THE GEORGIAN MUSIC COMPETITIONS FUND

სექტემბერი, 2026 წელი / September, 2026

ᲡᲐᲤᲝᲡᲢᲝ ᲛᲐᲠᲙᲐ – ᲞᲐᲢᲐᲠᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ, ᲓᲘᲓᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

ის სულ პატარაა – რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრი ქაღალდი, რომელსაც ხშირად მხოლოდ წერილის კუთხეში ვამჩნევთ. თუმცა საფოსტო მარკა გაცილებით მეტია, ვიდრე საფოსტო გზავნილისთვის საჭირო ნიშანი. მასში შეიძლება ჩაეტიოს ქვეყნის ისტორია, კულტურა, ხელოვნება, ბუნება და მთელი ეპოქის განწყობაც კი.

საფოსტო მარკების თანამედროვე ისტორია მე-19 საუკუნეში იწყება, როდესაც წერილის გაგზავნის სისტემა თანდათან ახალ ფორმას იღებს. პირველი ფართოდ აღიარებული საფოსტო მარკა – ბრიტანული „Penny Black“ – 1840 წელს გამოიცა. მასზე დედოფალ ვიქტორიას პროფილი იყო გამოსახული და სწორედ ამ პატარა შავ-თეთრმა მარკამ საფუძველი ჩაუყარა საფოსტო მარკების თანამედროვე ისტორიას.

საქართველოს საფოსტო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1857 წლის „ტფილისის უნიკას“ (Tiflis Unique), რომელიც თბილისსა და კოჯორს შორის საფოსტო გზავნილების მოსაკრებლის ნიშნად გამოიყენებოდა. დღეს იგი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ და ძვირფას საფოსტო მარკად მიიჩნევა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული საფოსტო მარკა 1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გამოიცა. მარკის ავტორად დიმიტრი შევარდნაძე მიიჩნევა, თუმცა მის შექმნაში იოსებ შარლემანისა და ჰენრიხ ჰრინევსკის მონაწილეობაზეც არსებობს მკვლევართა მოსაზრება.

1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ეროვნული მარკების გამოცემა შეწყდა. საბჭოთა პერიოდში საქართველოში საქართველოს თემატიკაზე შექმნილი მარკები კვლავ იბეჭდებოდა, თუმცა მათზე არც სიტყვა „საქართველო“ და არც ქართული წარწერა არ ყოფილა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნული საფოსტო მარკების გამოცემა კვლავ განახლდა; საქართველოს სახელით ახალი მარკები 1993 წლიდან გამოიცემა და ისინი ქვეყნის მნიშვნელოვან მოვლენებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ცნობილ ადამიანებს ასახავს.

ალბათ ბევრს ახსოვს ის განსაკუთრებული განცდა, როცა უცხოეთიდან მოსულ კონვერტს ფრთხილად ხსნიდნენ, მარკას კი ისე ინახავდნენ, რომ არ დაზიანებულიყო, შემდეგ კი სქელ, ლამაზ ალბომებში თემატურად ალაგებდნენ – ცხოველები, კოსმოსი, ხელოვნება, სპორტი... ბავშვებისთვის ეზოებსა თუ სკოლის დერეფნებში მარკების გაცვლა-გამოცვლა ნამდვილი თავგადასავალი იყო, უფროსებისთვის კი – სამყაროს შემეცნების, შორეული ქვეყნების წარმოსახვითი მოგზაურობისა და კოლექციონერული აზარტის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საშუალება.

მარკა მხოლოდ წარსულის მოგონებად არ ქცეულა. 2026 წელსაც საქართველოს ფოსტა აგრძელებს ახალი საფოსტო მარკების გამოცემას, რომლებზეც ქართული კულტურის, მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის მნიშვნელოვანი ადამიანები და მოვლენები ხვდებიან. მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავის, ნანა მჭედლიძის 100 წლისთავის, დავით ციმაკურიძის, მიხა ხელაშვილის 125 წლისთავისა და სხვა თემებისადმი მიძღვნილი გამოცემები. ამავე წელს გაიმართა ქართული მარკების ფესტივალიც, რომლის მიზანი იყო მარკის კიდევ ერთხელ წარმოჩენა როგორც ქართული ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილისა.

შეიძლება მარკა ხელისგულზე დაეტიოს, მაგრამ ზოგჯერ მასზე გაცილებით დიდი ამბავია გამოსახული. ქვეყანა, ადამიანი, ქალაქი, ხელოვნების ნიმუში ან მნიშვნელოვანი მოვლენა – ყველაფერი შეიძლება რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრში აღმოჩნდეს.

და ალბათ სწორედ ეს არის საფოსტო მარკის ყველაზე დიდი ხიბლი: ის გზავნილის ნაწილია, რომელიც გზავნილს თავადაც სცილდება – პატარა ფურცელია, რომელიც დიდ ისტორიას ინახავს.

კიდევ წაიკითხეთ

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში
ლაიფსტაილი

გამორჩეული საცხოვრებელი ძველ ბათუმში

„ადმირალ რეზიდენსი“ ბათუმის ისტორიულ უბანში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მხოლოდ 13 ბინას აერთიანებს. პროექტი მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არქიტექტურას, მდგრადობას, მასალების ხარისხს და სიმყუდროვეს.

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
ლაიფსტაილი

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ქრონოგრაფი საქართველოში ლუქს სამყაროს გამორჩეული სახელია – სივრცე, სადაც საათების, სამკაულებისა და აქსესუარების მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ერთიანდება. მისი პორტფოლიო აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Chopard, Hublot, Breguet, Messika, Chaumet და სხვა.