საცივის რეცეპტი ქეთი ბაქრაძისგან

შეფ-მზარეულ ქეთი ბაქრაძის კულინარიული საქმიანობა 17 წელს ითვლის. მის მიერ მომზადებულ ახალ თუ ტრადიციულ კერძებს სახასიათო ხელწერა გამოარჩევს. აქტიური გასტრონომიული საქმიანობის გარდა, მისი სახელი ბევრ საინტერესო სატელევიზიო და არასატელევიზიო პროექტთან არის დაკავშირებული. „გემრიელი საქართველო“ ასე ჰქვია შეფის ახალ პროექტს, მოკლემეტრაჟიან სერიებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელიც მაყურებელს ქართული გასტრონომიისა და კულტურის შესახებ საინტერესო ამბებს უყვება.
ქეთი ბაქრაძე: მუდმივად ვცდილობ, ჩემი პროფესიული საქმიანობით, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შევიტანო. ვფიქრობ, ეს ის სურვილია, რომელიც ყველა ქართველის დნმ-შია. ახალი წელი ერთერთი გამორჩეული, სახლური დღესასწაულია, რომლის დროსაც ბევრი ტრადიცია ცოცხლდება, მათ შორის უმთავრესი კი სუფრის ტრადიციაა. მართალია, ყველა ოჯახში ერთნაირი ტრადიციული საახალწლო კერძები მზადდება, თუმცა, ყველა დიასახლისს მათი მომზადების თავისებური ხედვა, ისტორია და ტექნიკა აქვს.
ჩემს საახალწლო სუფრას ტრადიციული კერძების გარდა, ყოველ წელს ახალ, განსხვავებულ კერძს ვამატებ. გამომცხვარი ინდაური, საცივი, ტაფის ხაჭაპური, გოზინაყი ბებიის რეცეპტით, რომელიც ჩემში ყოველ წელს ბავშვობის ემოციებს აცოცხლებს – ეს ის უცვლელი კერძებია, რომლებსაც ყოველ ახალ წელს თავად ვამზადებ.
საცივი განსაკუთრებით მიყვარს, შესაბამისად, ამ კერძთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის ყველაზე გემრიელი გემო დედაჩემის მომზადებულ საცივს აქვს. სწორედ ამიტომ, გარკვეული პერიოდი ამ კერძს თავად არ ვამზადებდი და პროდუქტები დედასთვის მიმქონდა, რათა მას მოემზადებინა. ჩემი საცივის რეცეპტის ბაზაც დედის რეცეპტიდან მოდის. ეს ფაქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა შეფ მზარეულს გვაერთიანებს — პროფესიულ საქმიანობას ყოველთვის დედის ან ბებიის შთაგონებული რეცეპტებით ვიწყებთ.
საცივის რეცეპტი, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, ჩემთვის ტრადიციაა, რომელიც მუდამ თან დამყვება. ახალი წლის ღამეს ძველი ჭურჭლით გაწყობილ ჩემს საახალწლო სუფრასთან ყოველთვის არის წარმოდგენილი საახალწლო სათამაშოებით გაპრანჭული ნაძვის ხე.


