Tbilisoba is a Celebration of Brotherhood and Friendship, where Brothers Reunite and Friends Express Their Love for One Another

ადამიანებს შეხვდებით, ასევე, მტკვარზე ტივით, თუ ქუჩებში ფაეტონით მოსეირნეებს. იწვება მწვადი, საწნახელში იწურება ყურძენი, არც სადღეგრძელოების თქმას ერიდებიან. მარტივად რომ ვთქვათ,
„თბილისობაზე“ შეკრებილი ადამიანები ქართული
ტრადიციებით აღნიშნავენ ამ დღეს. ოქტომბერში
გამართულ დღესასწაულზე ეწყობა ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც. ასევე, ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძების დაგემოვნება. ამ დღის ერთ-ერთი დამახასიათებელი აქტივობა კი ჩურჩხელების ამოვლებაა. გარდა ამისა, ყოველ თბილისობაზე იმართება თეატრალური სანახაობები, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და დღის ბოლოს – გალა-კონცერტი, სადაც ტრადიციულად ჯილდოვდებიან თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ, ასევე, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის. უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს კი განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.
თბილისობის ისტორია 1979 წლის 28 ოქტომბერს იწყება. იმ დროს ქალაქკომის პირველი მდივანი თენგიზ მენთეშაშვილი იყო. ერთ-ერთ თათბირზე თბილისის მაშინდელმა მთავარმა არქიტექტორმა, შოთა ყავლაშვილმა ძველი თბილისის აღდგენის გეგმა წარადგინა. სწორედ ამ თათბირზე გაჟღერდა პირველად დედაქალაქის დღესასწაულის შემოღება. მაშინ, მთელ საქართველოში იმართებოდა რაიონული მასშტაბის დღესასწაულები. თენგიზ მენთეშაშვილს კი გაუჩნდა „თბილისობის“ იდეა, რაც ერთგვარად ყველა რაიონული დღესასწაულის შემაჯამებელი ღონისძიება იქნებოდა. ეს იდეა მოიწონეს და „თბილისობის“ ისტორიაც დაიწყო.
ძველ დროში, თბილისურ აივნებზე ფარდაგებს გადმოკიდებდნენ და თბილისელი „კნეინებიც“ გადმოდგებოდნენ. გლეხებს სოფლებიდან სანოვაგე ჩამოჰქონდათ, ამიტომაც, დედაქალაქში საქართველოს სხვადასხვა კუთხე წარმოჩინდებოდა.
რა თქმა უნდა, პირველ „თბილისობაზეც“ ძველ თბილისში, აბანოთუბანსა და რიყეზე საქართველოს ყველა კუთხემ მოიყარა თავი. ერთ დღესასწაულში მხარეები წარმოდგენილი იყვნენ თავიანთი ანსამბლებით, სამზარეულოთი. იცეკვეს შეუდარებელმა „სუხიშვილებმა“ და იმღერეს ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა.
პირველ თბილისობაზე საპატიო თბილისელის წოდება ოთხ ადამიანს მიანიჭეს: საქართველოს სახალხო მხატვარს ლადო გუდიაშვილს; ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელსა და სოციალისტური შრომის გმირს, კონსტანტინე ილურიძეს; ენათმეცნიერსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, აკაკი შანიძეს და საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, შუშანა ჩიქოვანს.
1981 წლის „თბილისობის“ დღესასწაულზე თენგიზ მენთეშაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თბილისობა ძმობისა და მეგობრობის ის დღესასწაულია, სადაც ძმა ძმას ხვდება და მეგობარი მეგობარს ესიყვარულება.
თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული კულტურისა თუ მრწამსის ადამიანები ცხოვრობდნენ. ამიტომაც, თბილისობის დღესასწაული იყო და არის ძალიან მრავალფეროვანი.
ყოველწლიური დღესასწაულის აღნიშვნას 1990-იანმა წლებმა ხელი შეუშალეს. ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო, თბილისობის აღნიშვნა შეწყდა, თუმცა, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 1995 წელს, ტრადიცია აღდგა. 2020 წელს „თბილისობის“ ჩატარებას პანდემიამაც შეუშალა ხელი, 2021 წელს ონლაინ-კონცერტი უნდა გამართულიყო, თუმცა ბათუმის ტრაგედიის გამო ეს კონცერტიც გაუქმდა.
თანამედროვეობაში თბილისობის აღნიშვნა არც ისეთი სახეცვლილია. მხოლოდ, დროთა განმავლობაში ემატება თბილისობას არაერთი თეატრალური სანახაობა, სპორტული შეჯიბრი თუ კონცერტი.




