Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ქართული პურის მრავალსახეობა

ქართული პურის მრავალსახეობა

საქართველო, რომ ღვინის სამშობლოა ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ საქართველო ასევე ხორბლის კულტურის მოშენებისა და პურის ცხობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.

ჩვენს ქვეყანაში პური ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. ცნობილია ქართული ისეთი გვარებიც, რომელიც დაკავშირებულია პურის მოყვანასა და წარმოებასთან. მაგალითად: ხორბალაძე, ცომაია, ხაბაზაშვილი, დოლაბერიძე, დოლიძე, ხაბაზი და სხვა.

საქართველოს ისტორიულად თავისი სამყოფი ხორბალი მოჰყავდა. ის იფქვებოდა წყლის წისქვილზე. ქვას კი რომელსაც საფქვავად იყენებდნენ, „დოლაბს“ ეძახდნენ. საქართველოს სოფლებში წყლის წისქვილები დღემდეა შემორჩენილი, სადაც, უმეტესად, სიმინდი იფქვება.

ქართველი ადამიანი პურს ოჯახისა და ქვეყნის ძლიერების, სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევდა და უძღვნიდა ლოცვას. ქართულ პურზე დანის მიკარება ითვლებოდა ცოდვად, მას ხელით ტეხდნენ.

ცნობილია ქართული ენდემური ხორბლის ჯიშები. მაგალითად, ხორბლის ჯიში „დიკა“ იზრდებოდა და მოჰყავდათ როგორც მთაში – სვანეთში, ასევე ბარში – კახეთში. ენდემურია „შავფხა“, „დოლი“, „ზანდური“, „წითელი დოლი“, „ასლი“, „თავთუხი“, „ქონდარა ხორბალი“, „მახობელა“ და ფეტვნაირი კულტურები: ღომი, ღომის ღომი, სელი, ფეტვი.

ქართული კულტურული მრავალფეროვნება ქართული პურის დამზადების თავისებურებაშიც კი ვლინდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში უპირატესობას ქერისა და ჭვავის ნაზავით მომზადებულ პურს ანიჭებდნენ, ბარის მოსახლეობა კი ხორბლის პურს მოიხმარდა. დასავლეთ საქართველოში, უფრო მეტად, პურით კი არა, ღომითა და მჭადით იკვებებოდნენ. შესაბამისად, ჰქონდა თავისი სახელებიც. მაგალითად, ხორბლისა და ფეტვის ნაზავ პურს „მჭადპურას“, ხოლო ქერისა და ხორბლის ნაზავ პურს – „ქერჭრელას“ ეძახდნენ, ქერის და ჭვავის ნარევს – „ქერსვილას“, ქერისა და ხორბალ დიკის ნარევს – „ქერდიკას“.

საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული თონის პურია, რომელსაც ქართველი მოსახლეობა ყოველდღიურ საკვებ პროდუქტად იყენებს. ძველ დროში, თონეში შეშაზე გამომცხვარ პურს სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ, მაგალითად, ქორწილისა და მგზავრობისას ე.წ „დედას პური“ ცხვებოდა, ჭირის სუფრაზე – თხელი მრგვალი ლავაში. მეომრებს პატარა შოთებს უმზადებდნენ ხურჯინში ჩასადებად. თონეში პური დღესაც სხვადასხვა ფორმით ცხვება. მაგალითად, შოთის პური გრძელი და რკალისებურია, აქვს სქელი ყუა, თხელი პირი და წაწვეტებული ბოლო. განსაკუთრებით გრძელ და მოხრილ ხმლისებრ შოთებს აცხობენ კახეთში, ქართლში კი შედარებით მოკლე შოთებს. შოთი დღესაც, განსაკუთრებით, სადღესასწაულო დანიშნულებით გამოიყენება.

თონეში ცხვება ლავაშიც. ის აბსოლუტურად განსხვავდება აზიური ლავაშისგან, რომელიც გავრცელებულია სხვა ერებსა და ქვეყნებში. აზიური ლავაში მზადდება უსაფუარო ცომისგან, გრძელია და თხელი, ქართული ლავაში კი საფუარიანი ცომისგან მზადდება, ბევრად სქელია და მრგვალი ფორმისაა.

ქართულ პურზე საუბრისას უნდა ვახსენოთ მესხური პური, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ფურნეში ცხვება. მესხური პურის ზოგიერთი სახეობა დავიწყებას მიეცა, ზოგი კი დღემდეა შემორჩენილი. მაგალითად, „ფოდოლა“ პურს სადღესასწაულოდ აცხობდნენ. ის ხორბლის ფქვილის გაღვივებული ანუ გაფუებული ცომისგან ცხვება და ფორმით თხელი და გრძელი პურია.

ტრადიციულად, გახურებულ-გამოსუფთავებულ ფურნეში პირველად ლავაშს შეყრიდნენ გამოსაცხობად და შემდეგ სხვა დანარჩენ სახეობის პურებს. მესხური შოთი მრგვალი და შუაში გახვრეტილია, რომელსაც გარედან კვერცხს უსვამენ. მესხურ კულტურაში არსებობს „ჩაწეკილი“ პური, ის მრგვალი და ოდნავ გათხელებულია. ფურნეში პურის შეყრისას სხვადასხვა ადგილებზე ასანთის ღერით ჩხვლეტდნენ და სწორედ აქედან შეერქვა სახელი „ჩაწეკილი პური“.

სომინი პურებს მესხეთში დღესაც აცხობენ. ის „დოლის“ ან „ქერჭელის“ ფქვილისგან მზადდება. მას ფურნეში ბოლოს დებენ, რადგან შედარებით შეგრილებულ ფურნეში სომინი პური კარგად იშუშება. მის გამოცხობას საათი – საათნახევარი სჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ძველად როდესაც ოჯახი ფურნეს აანთებდა, რამდენიმე სახეობის პურს აცხობდა. იმ რაოდენობით, რომ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში საკმარისი ყოფილიყო. მისი დაგემოვნებაც შესაბამისი თანმიმდევრობით ხდებოდა. თუ ოჯახი აცხობდა შოთს, ჩაწეკილ პურს და სომინს, მაშინ, პირველ რიგში, შოთი უნდა შეეჭამათ, რადგან შოთი შედარებით მალე ხმება, შემდეგ, ჩაწეკილი პური, რომელიც შედარებით გვიან შრება, და ბოლოს, სომინი, რადგან სომინი უფრო დიდხანს ინახება.

ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებაში პურის ცხობის ტრადიციას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ქართული პურის სახეობები ამ ყველაფრის დასტურია.

კიდევ წაიკითხეთ

Monaco
მოგზაურობა

Monaco

კონიაკის რეგიონის საუკეთესო ტერიტორიაზე – გრანდეს შამპანურის მიწებზე გაშენებული ვაზის უნიკალური მოსავლით იქმნება „მონაკო“, რომლის დაგემოვნების საშუალებაც ქართველ მომხმარებლებს პირველად წელს მიეცათ. ეს უკანასკნელი იშვიათი და უნიკალური კონიაკია, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება და…

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე
სპორტი

ქართველების წარმატება პარიზის ოლიმპიადაზე

პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი 26 ივლისს აიღო. საქართველოდან პარიზში 28 სპორტსმენი წავიდა. ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა – ქართველმა ათლეტებმა სპორტის…

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა
სპორტი

მერაბ დვალიშვილი – UFC-ის სუპერმსუბუქის წონის ჩემპიონი გახდა

15 სექტემბერი ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა. ნევადაში, ლას-ვეგასის Sphere-ში, UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და სუპერ-მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველი მებრძოლი სფეროს დარბაზში ეროვნული სამოსით…