Georgian Airways ჟურნალი ENG
ღვინო

ჭაჭა და მისი გამოხდის ტექნოლოგია

ჭაჭა და მისი გამოხდის ტექნოლოგია

საქართველო ღვინის სამშობლოა და ამას ჩვენს ქვეყანაში, ქვევრში ღვინის დაყენების რვა ათასწლოვანი ტრადიციაც ნათლად მოწმობს. თუმცა ღვინო არ არის ერთადერთი სასმელი, რომელსაც ქართველები აწარმოებენ. საქართველოში ასეთივე პოპულარობით სარგებლობს ქართული არაყი „ჭაჭა“, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს ქართულ ისტორიასა და კულტურაში. ზუსტად არავინ იცის როდის დაიწყეს ქართველებმა არყის წარმოება, თუმცა, ერთერთი პირველი დოკუმენტური წყაროს მიხედვით, ქართველები უკვე მე-17 საუკუნეში ხდიდნენ ჭაჭას.

ჭაჭის ისტორია სწორედაც რომ მჭიდროდ უკავშირდება ძველ ქართულ მეღვინეობას. მრავალი საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა ჭაჭის გამოხდის ტექნიკა. ტრადიციულად, ის სახლში მზადდებოდა და ბევრ ქართულ ოჯახში ეს დღემდე ასეა. ძველად სასმელს სამკურნალოდაც კი იყენებდნენ. ჭაჭა ძლიერი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც თავდაპირველად ყურძნისგან მზადდებოდა, თუმცა დღეს სხვადასხვა ხილის ჭაჭას შეხვდებით.

ტრადიციულად, ჭაჭის საფუძველი დაჭყლეტილი ყურძენია, რომელიც ღვინის წარმოების შემდეგ რჩება.

ამიტომაცაა, რომ ქართულ ოჯახებში ჭაჭა რთველის შემდეგ იხდება. აღმოსავლეთ საქართველოში, როცა შემოდგომით ქვევრში დაწურულ ღვინოს ადრე გაზაფხულზე გადაიღებენ, დარჩენილ ჭაჭას (რთველის შემდეგ დაჭყლეტილი ყურძენი და წიპწა) ქვევრიდან ამოიღებენ და შემდეგი ტექნოლოგიით ხდიან.

ცეცხლზე იდგმება სპილენძის ქვაბი, რომელსაც ეხურება ზარფუში (არყის გამოსახდელი ქვაბის ხუფი). ზარფუშს გამოლესავენ ნაცრიანი აყალო (თიხა) მიწით და შემდეგ მიუმაგრებენ წყლით სავსე გეჯას (ჭურჭელი), რომლის შიგნითაც გადის მილი. გადაბმის ადგილას მჭადის ფქვილით გამოგლისავენ, ზედ კი ჭინჭას (ტილოს მსგავსი ნაჭერი) გადაახვევენ.

არყის სახდელში მოთავსებული ჭაჭა დუღდება. დუღილის შედეგად ზარფუშიდან სპირტოვანი ორთქლი გაციებულ გეჯის მილში გადის, რის შედეგადაც წარმოიქმნება წვეთები. ეს უკვე არაყია, რომელიც მინის ჭურჭელში გროვდება. ამ ტექნოლოგიით მიღებულ სითხეს ერთნახად ჭაჭას უწოდებენ. დასავლეთ საქართველოში, უმეტესად, მიღებულ მასას სუფთად აბრუნებენ არყის სახდელში, იგივე პროცესის გასამეორებლად. ამით სასმელი უფრო ძლიერი ხდება.

აღმოსავლეთ საქართველოში არყის გამოხდის პროცესს „ზაოდობას“ ეძახიან და ისეთივე რიტუალურია, როგორც ეს ყურძნის რთველია. მეზობლები, ახლობლები, ნათესავები ერთად იკრიბებიან, თან არაყს ხდიან, თანაც ქეიფობენ. ეს პროცესი ერთი დიდი სიამოვნებაა, ამიტომაც, თუ საქართველოში არყის გამოხდის ნახვის შესაძლებლობა გექნებათ, ის აუცილებლად უნდა ნახოთ და არ გამოტოვოთ.

კიდევ წაიკითხეთ

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“
ავიაცია

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები „ჯორჯიან ეარვეისისთვის“

2024 წელს, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან ასრულებდა რეგულარულ, პირდაპირ ფრენებს გაზრდილი მიმართულებებითა და სიხშირეებით. წელს, ფრენები სრულდებოდა 12 მიმართულებით: პარიზი, ნიცა, მილანი, ამსტერდამი, ვენა, ლარნაკა, ბერლინი, მიუნხენი, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტპეტერბურგი, ნოვოსიბირსკი.

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი
ავიაცია

ჯორჯიან ეარვეისის ყველაზე ახალგაზრდა მფრინავი

თორნიკე ნადიბაიძე, „ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე მფრინავი: „ავიაციით ერთხელ თუ „მოიწამლე“, ერთხელ თუ აფრინდი, სულ ცდილობ, რომ თვითმფრინავი, ფრენა და ავიაცია შენი ცხოვრების ნაწილი იყოს“.

სვანეთი
მოგზაურობა

სვანეთი

როცა საქართველოში ზამთრის გატარებაზე გვაქვს საუბარი, რთულია მთას გვერდი ავუაროთ და სვანეთი არ გაგვახსენდეს. საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. სამთო სპორტის მოყვარულებს უკვე დიდი ხანია, რაც აქ…