მაღალმთიანი კუთხეების გამორჩეული კერძები

ქართული სამზარეულოს უნიკალურობის შესახებ, შესაძლებელია დაუსრულებლად ვწეროთ, თუმცა, ამ სტატიაში მოგიყვებით საქართველოს მაღალმთიანი კუთხეების გამორჩეული კერძების შესახებ.
მაღალმთიანი აჭარის სამზარეულო, ამ კუთხით, ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ კერძების 95% კარაქით მზადდება, შესაბამისად, აჭარული, ტრადიციული კერძები ცხიმიანობით და ნოყიერებით გამოირჩევა.
ბორანო ის კერძია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, ალბათ, ყველაზე ხშირად კეთდება და მათი სამზარეულოდან ერთ-ერთი პოპულარული კერძიცაა. ის მაღალკალორიულობით ხასიათდება, და შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად შეესაბამება აჭარელი კაცის ტრადიციული ცხოვრების წესს, რომელიც მუდმივ შრომასა და დიდ ფიზიკურ დატვირთვას გულისხმობს, როგორიცაა: ყანის აღება, თივისა და შეშის მომარაგება, ნადირობა და სხვა. აჭარაში ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვერსიაა შემორჩენილი. მისი მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს. ტრადიციული ფორმით, ბორანო არის იაღში (კარაქი, რომელსაც კაიმაღისაგან ამზადებდნენ) ჩალბობილი ყველი. ბორანოს მომზადებისას წვრილად დაჭრილ ყველს ყრიან ცხელ წყალში და ზემოდან ასხამენ დამწვარ კარაქს, ან მთის დაწნულ ყველს. დაჭრილს და ცხელწყალგადავლებულს ცივ კეცში აწყობენ და ზევიდან მომწვარ კარაქს ასხამენ. ბორანო მზადდება სხვადასხვანაირად, მაგალითად: კარტოფილით, კვერცხით, მჭადის ფქვილით, თუმცა, ძველი და ტრადიციული წესით მხოლოდ ყველით მომზადებული მიიჩნევა.
მაღალმთიან აჭარაში იციან „ყაისაფას“ მომზადებაც. კერძი ქლიავის ჩირისგან მზადდება. ქლიავის ჩირი ჯერ იხარშება, მოხარშულს კი ზემოდან ნიგოზი და შაქარი ეყრება. სულ ბოლოს, დამწვარ კარაქს მოასხამენ და კერძიც მზად არის.
სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი კუბდარია. ის ძირითადად საქონლის ხორცისგან მზადდება. ხორცს წვრილად ჭრიან, აზავებენ ხახვით, ნივრით, კამით, ქინძით, უცხო სუნელით და ძირათი. ასევე, ამატებენ წიწაკასა და სვანურ მარილს. გულსართს კი დებენ კარგად მოზელილ ცომში და აცხობენ ორივე მხარეს.
გამორჩეულია მესხური სამზარეულოც, სადაც შეხვდებით ისეთ კერძს, როგორიც აპოხტის ხინკალია. ბატის აპოხტის ხინკალი ერთგვარ ექსკლუზივს წარმოადგენს მესხურ სამზარეულოში. მისი მომზადების ტრადიცია მესხეთის თითქმის ყველა სოფელში იყო დამკვიდრებული. აპოხტი დამარილებული და გამომშრალი ხორცის ნაირსახეობაა, რომლითაც მესხები განსაკუთრებულ სტუმარს უმასპინძლდებოდნენ და ყველა ტრადიციულ სუფრაზე შეჰქონდათ. ის საახალწლო სუფრისთვისაც აუცილებლად მზადდებოდა. ბატის აპოხტის ხინკალი ოთხკუთხედია და სრულიად განსხვავდება ჩვეულებრივი ხინკლისგან. მესხეთში ასევე მზადდება არაერთი საინტერესო ფუნთუშეული, მესხური ქადა, ნაზუქი, ხაჭაპური და სხვა.
ხინკალზე საუბარი უნდა განვაგრძოთ და დავრჩეთ ისევ მაღალმთიან საქართველოში. ხინკალი საქართველოს კულტურის განუყოფელი ნაწილია და დღეს მისი დაგემოვნება ყველა კუთხეშია შესაძლებელი, თუმცა, ხინკლის სამშობლოდ ფშავი და თუშეთია მიჩნეული. შემდეგ, ის დანარჩენ საქართველოშიც გავრცელდა. დიდთოვლობის დროს, ის ერთ-ერთი საუკეთესო ცხელ-ცხელი საკვები იყო. თავდაპირველად, ხინკალს ცხვრის ხორცით ამზადებდნენ. მთიდან ბარში გავრცელების შემდეგ კი ცხვრის ხორცი – ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავმა ჩაანაცვლა.
ამ სტატიაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ დამბალხაჭოც, რომელიც ფშაური ყოფისა და კულტურის განსაკუთრებული ელემენტია. სხვადასხვა ცნობებით, დამბალხაჭოს ისტორია ორ საუკუნეს ითვლის. ვარაუდობენ, რომ 1800-იან წლებამდე და დიდი ხნით ადრეც, ფშავში ფართოდ იყო გავრცელებული დამბალხაჭოს მომზადება. ის მზადდება კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსგან. მარილში გადაზელილ ხაჭოს კვერებს რამდენიმე დღე უმზეოდ აშრობენ წნელისაგან მოწნულ სპეციალურ სათავსოში – ძობანში, რომელიც ხშირად შუაცეცხლის თავზე, ამომავალი კვამლის ზემოთ ჰკიდია. გამომშრალი ხაჭოს კვერებს თიხის ქოთანში ალბობენ მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ქოთანი შესაძლოა მიწაში იყოს ჩაფლული. ასე ხაჭოს კვერები დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ლბება. სწორედ, ლბობის პროცესში, გარედან იკიდებს სპეციფიკურ ობს, რაც გემოვნურ თვისებებთან ერთად, სასარგებლოცაა. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და ოქროს ფერს იღებს.





