ცნობილი ქართველი მთამსვლელები მიხეილ ხერგიანი, გურამ თიკანაძე, ბიძინა გუჯაბიძე

მიხეილ ხერგიანი
„კლდის ვეფხვი“ – ამ სახელითაა ცნობილი ქართველი ალპინისტი მიხეილ ხერგიანი. სვანი სპორტსმენი 1932 წლის 23 მარტს დაბა მესტიაში მთამსვლელების ოჯახში დაიბადა. მამისგან, ბესარიონ ხერგიანისგან ხშირად ისმენდა მთების გასაოცარ ამბებს, და ალბათ, გასაკვირიც არ არის, რომ თავადაც მთამსვლელობას მიჰყო ხელი. მიხეილ ხერგიანი ამ სპორტში გამორჩეული იყო თავისი უნარებით. მისი სახელი ცნობილია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მიხეილ ხერგიანის ცხოვრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი 1964 წელს უკავშირდება – ქართველი ალპინისტი ინგლისში მიიწვიეს, სადაც ადგილობრივ მეკლდეურებს ეჯიბრებოდა. ერთ-ერთ შეჯიბრს კი დედოფალი ელისაბედ მეორე ესწრებოდა. დედოფალს მიხეილ ხერგიანი „ტრიკონებში“ (სპეციალური ფეხსაცმელი, ასეთი ფეხსაცმლის ძირზე მიმაგრებული ფოლადის წრიაპები, რომლის ძირი მართლაც ვეფხვის ტორს წააგავს) დაუნახავს და ქართველ მთამსვლელზე უთქვამს: „ვინ არის ის, კლდის ვეფხვივით, რომ დაცოცავს?“ – ასე დაერქვა ქართველ ალპინისტს „კლდის ვეფხვი“. აღსანიშნავია, რომ მიხეილი სსრკ-ს შვიდგზის ჩემპიონი იყო. ჰყვებიან, რომ ერთერთი საერთაშორისო შეჯიბრის დროს, მან უარი განაცხადა ტურნირში მონაწილეობაზე, სანამ მის სახელთან და გვართან ერთად საქართველოსაც არ გამოაცხადებდნენ. ამის გამო, სამშობლოში პრობლემები შეექმნა და საბჭოთა ხელისუფლებამ დროებითი დისკვალიფიკაციაც მისცა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია თავი ბოლომდე ალპინიზმისთვის მიეძღვნა. მისი დახმარებით სამაშველო სამუშაოებისას გადარჩენილია უამრავი ადამიანი. მისი გადარჩენა კი ვერავინ შეძლო, როცა 37 წლის ასაკში, 1969 წელს იტალიურ ალპებში, მთა სუალტოს 700-მეტრიან კედელს ლაშქრავდა. დიდი ლოდების გროვამ მიხეილი კედელს მოსწყვიტა და თოკი გაწყდა. დღეს მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი მის საცხოვრებელ სახლში, მესტიაშია მოწყობილი. მუზეუმი ჰყვება ისტორიას, როგორც მთამსვლელზე, ისე სვანეთსა და ზოგადად ქართულ ალპინიზმზე.
გურამ თიკანაძე
„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან: რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველი ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული. მოწოლილი ღრუბლები ჭექა-ქუხილს და თოვლს ფანტავენ მწვერვალთა კალთებზე. მცხუნვარე მზე კი ქვის ცვენით და ზვავების კორიანტელით აფხიზლებს ქედებს. მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან.“ გურამ თიკანაძემ კარგად იცოდა ყველა ის საფრთხე რაც მთაში ელოდა, თუმცა, მისი გული მწვერვალებს ეკუთვნოდა. პროფესიით გეოლოგი 1932 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ორმოცამდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“ 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. 1958 წელს მან ცენტრალური კავკასიონის მთავარ ქედზე, ერთ ექსპედიციაში 16 მწვერვალიდან 14-ის დალაშქვრა შეძლო და საბჭოთა კავშირის ვერცხლის პრიზიორიც გახდა. ალპინიზმის გარდა, ის სკოლის ასაკიდან დაინტერესებული იყო ფოტოგრაფიით. გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე. მისი ნამუშევრები მუდმივად ქვეყნდებოდა ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ „დროშის“ ფოტოკორესპონდენტად. ამავე წელს, ვენის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი, რომელიც პირველი საერთაშორისო ჯილდო გახლავთ ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. გურამ თიკანაძის ფოტოებიდან განსაკუთრებით ცნობილია: „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი – სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“. 1963 წლის აგვისტოს თვეში სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე, ხოლო 27 აგვისტოს, მთიდან დაშვებისას გურამ თიკანაძე ტრაგიკულად დაიღუპა. მისი მუზეუმი დღეს ლატალში მდებარეობს.
ბიძინა გუჯაბიძე
მთამსვლელი ბიძინა გუჯაბიძე 1960 წლის 20 იანვარს დაიბადა. ლანჩხუთის რაიონის მთაგორიან სოფელ ჩოჩხათ-ხორეთში დაბადებულსა და გაზრდილს თვალშეუდგამი ქედები ბავშვობიდანვე იზიდავდა. ამიტომაც გეოლოგობა გადაწყვიტა. ოცნება რეალობად აქცია – 1982 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობისას თანაკურსელის რჩევით 1979 წლის ალპინიადაში მიიღო მონაწილეობა. მაშინ სტუდენტებმა, ლადო გურჩიანის ხელმძღვანელობით, ხდის ხეობაში (ყაზბეგის რაიონი) მწვერვალი გორი დალაშქრეს. მას შემდეგ, მისი ცხოვრება მთას უკავშირდება. მთამსვლელი ამბობს, რომ მთაში საკუთარ თავთან შეჯიბრი იზიდავს. ბიძინა გუჯაბიძეს ამ დრომდე შესრულებული აქვს არაერთი ასვლა უშბაზე, მყინვარწვერზე, ევერესტსა და სხვა მწვერვალებზე. ასევე, გახლავთ ორგზის „თოვლის ჯიქი“, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი, დაჯილდოებულია ნეპალის სამთავრობო სიგელით. განსაკუთრებულად იხსენებს 1984 წლის ექსპედიციას, როცა 6723 მეტრის სიმაღლის მარსის პიკი დალაშქრა. მაშინ 24 წლის იყო და ამ სიმაღლეზეც პირველად ავიდა. დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი ორჯერ აქვს დალაშქრული. მთამსვლელი აღნიშნავს, რომ 8848 მეტრ სიმაღლეზე ასვლა განუმეორებელი განცდაა. ევერესტის დაპყრობა კი დიდ სპორტულ მიღწევად და მნიშვნელოვან გამარჯვებათა ტოლფასად მიაჩნია. მისი ოცნებაა პაკისტანში მდებარე „ტრანგო თაუერსის“ დალაშქვრა, თუმცა, როგორც მეკლდეური ამბობს ამ ოცნებას ვეღარ აიხდენს.
ნეაპოლი თბილისს ხვდება.
ხვდება არა მარტო ხელოვნებისა და კულტურის, არამედ – სოლიდარობის სფეროშიც. პრესტიჟული „დი მეოს კალენდარი“, რომელსაც იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის პატრონაჟით ყოველწლიურად გამოსცემს და ავრცელებს ასოციაცია „დი მეო – ღვინის ხელოვნება“, წლეულს 23-ედ გამოდის და ფინანსურ მხარდაჭერას მას ამჯერად ფონდი „ქართული გალობაც“ უწევს.
„დი მეოს კალენდრის“ პრეზენტაცია უკვე იქცა მოვლენად, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მოუთმენლად მოელის. იგი, ერთი მხრივ, დასტურია იმ ღირებულებათა, რომლებიც საფუძვლად დაედო ასოციაციის შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, ნათელყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხალხთა და კულტურათაშორისი დიალოგი ჩვენს დღევანდელ ეპოქაში – უაღრესად რთულ და მტკივნეულ ისტორიულ ხანაშიც კი. ამ ღონისძიების საზოგადო იდეა და ღრმა მნიშვნელობა ემყარება ურთიერთგანსხვავებულ კულტურათა შორის კავშირებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კულტურათა, რაც შეიძლება, უკეთ ურთიერთგაგებას.
„2025 წლის კალენდრისთვის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი შევარჩიე“, – ამბობს ასოციაციის დამფუძნებელი, ვულკანური ენერგიით აღსავსე ჯენეროზო დი მეო. – „ამ ქვეყნის კულტურა და ცივილიზაცია მრავალი წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო დასავლეთში, სადაც ყველა მოკავშირე საბჭოთა რესპუბლიკას სავსებით უსაფუძვლოდ ვაიგივებდით რუსეთთან, რუსეთის იდეასთან. ამით ჩვენი თვალსაწიერის მიღმა რჩებოდა კულტურათა ის გამორჩეულობა, შთამბეჭდავი მრავალფეროვნება და განსხვავებულობა, რაც აგრერიგ ცხადად აისახება ამ ხალხთა ლიტერატურასა და მუსიკაში, საზოგადოდ, ხელოვნების ყველა სფეროში. მას შემდეგ, რაც V ს.-ში საქართველოს სატახტო ქალაქი გახდა, თბილისი აღმოსავლურ და დასავლურ მრავალფეროვან ცივილიზაციათა საბრძმედად იქცა“.
ᲓᲘ ᲛᲔᲝᲡ ᲙᲐᲚᲔᲜᲓᲐᲠᲘ 2025 Წ.
ᲜᲔᲐᲞᲝᲚᲘ – ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲡᲘᲠᲘᲜᲝᲖᲘ ᲓᲐ ᲚᲔᲝᲞᲐᲠᲓᲘ
ისევე, როგორც 2013 წ.-დან მოყოლებული, მასიმო ლისტრის (http://www.massimolistri.com) ფოტოები ამჯერადაც სთავაზობს მკითხველს ქალაქის მისეულ ხედვას. მისი მახვილი თვალი ფოტოხელოვანს საშუალებას აძლევს, სრულიად ახალი, მოულოდნელი სხივით გამოაბრწყინოს საქართველოს დედაქალაქი კალენდარში, თვალით აღსაქმელი გახადოს მისი თხრობითი დინამიკა, როგორც ხელოვნების, კულტურისა და ხალხთა შორის დიალოგის სიმბოლოსი.
მაგრამ კალენდარი მხოლოდ ფოტოსურათებს როდი გვთავაზობს! იგი, აგრეთვე, გადმოგვცემს თქმულებებსა და ამბებს, რომლებიც ნეაპოლსა და თბილისს შორის ისტორიულ კონტაქტებზე მოგვითხრობენ. ცნობილ მეცნიერთა ნაშრომებით გამდიდრებული კალენდარი ასე წარმოგვიჩენს ორ ქალაქს შორის ყველაზე მნიშვნელოვან შესატყვისობას: ერთი მხრივ, სირინოზს, ხოლო, მეორე მხრივ – ლეოპარდს.
სირინოზი პართენოპე, ფაქტობრივად, ნეაპოლის დაბადების სიმბოლოა და ნეაპოლელები დღესაც პართენოპელებად მოიხსენიებიან, ხოლო ქართველთა იდეალური გმირია ტარიელი – შოთა რუსთაველის (XII ს.) უკვდავი „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი პერსონაჟი და ეს პოემა ქართველთათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის – დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“.
ნეაპოლსა და კამპანიის რეგიონს საქართველოსთან მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა აკავშირებს, უპირველეს ყოვლისა – მევენახეობა, ვაზის კულტურა, როგორც ეს უახლესმა არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა. შემთხვევითი არც ის გახლავთ, რომ დასავლურ ენებში ღვინის აღმნიშვნელი სიტყვა ქართული ან, როგორც ენათმეცნიერები ამბობენ, წინარე ქართველური ენიდან არის ნასესხები. თუმცა, ნეაპოლსა და თბილისს კიდევ მრავალი სხვა რამ აქვთ საერთო: სიყვარულის კულტი, გრძნობისმეტყველება, ემოციურობა, სტუმართმოყვარეობა, პოეზიით აღმაფრენა, ლხინით ტკბობა, ფეხბურთითა და მისი ჭეშმარიტი ფალავნით, ხვიჩა კვარაცხელიათი მოხიბვლა, რომლის წვლილი გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისათვის, რათა კლუბს „ნაპოლი“ მესამედ ეზეიმა იტალიის ჩემპიონობა. ამას გარდა, ორივე ქალაქი ამაყობს საფუარის დაყენების მაღალი ხელოვნებით, თავისი პიცითა და თავისი ხაჭაპურით, თავისი ფუნიკულიორით. ამასთან, ნეაპოლიც და თბილისიც – ორივე 41° პარალელზე მდებარეობს. დაბოლოს, ევროპაში ქართული ენისა და ლიტერატურის პირველი კათედრა სწორედ ნეაპოლში, უნივერსიტეტ „ლ’ორიენალეში“ დაარსდა.
ჯენეროზო დი მეოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ ორ ქალაქს შორის საერთო კულტურის სხვა ელემენტებიც გამოავლინა. მაგალითად, უბრალო შემთხვევითობად ვერ მივიჩნევთ იმას, რომ ნეაპოლურ ქრისტესშობის სცენაში, ე.წ. „პრეზეპში“ ტრადიციულ ფიგურებს შორის ქართველ მანდილოსანსაც ვხვდებით, ანდა იმას, რომ ორივე ქალაქში აღმერთებენ მუსიკას. თუ იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიის აღიარებამ „კაცობრიობის ზეპირი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრთა“ გამოვლინების პრეცედენტი შექმნა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველო არა მხოლოდ სან-კარლოს თეატრის სცენაზე გამოსულ ოპერის დიდ მომღერალთა სამშობლოა, არამედ – იმ ნიჭიერი ახალგაზრდებისაც, რომელთა დახელოვნებისთვის აგრერიგ დიდი ძალისხმევა გაიღო ნეაპოლის ოპერამ, სადაც მათ სან-კარლოს საოპერო მომღერალთა აკადემიის სკოლა გაიარეს.
2025 წლის „დი მეოს კალენდარი“ ხუთი ათასიანი ტირაჟით დაისტამბა. პრესა ფართოდ გააშუქებს თბილისში, კულტურისა და ბიზნესის მოღვაწეთა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე მოწყობილ მის პრეზენტაციებს.
წინა წლების კალენდრის პრეზენტაცია მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ დაწესებულებაში შედგა, მაგალითად, ლონდონში – ხელოვნების სამეფო აკადემიაში, მოსკოვში – სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, ვარშავაში – ეროვნულ მუზეუმში, ვენაში – ხელოვნების ისტორიის მუზეუმში, ლისაბონში – აჟუდას სამეფო სასახლეში, სტამბულში – ჩირაღანის სასახლეში, ბელგრადში – სერბეთის სასახლეში, სევილიაში – ალკაზარის სამეფო ციხე-სიმაგრეში, პრაღაში – ქალაქის მერიაში. წელს ანალოგიური საზეიმო ღონისძიება გაიმართება ოქტომბრის თვეში თბილისში, ფუნიკულიორის კომპლექსის ისტორიულ წვეულებათა დარბაზში და სტუმრებს საშუალება ექნებათ, სწორედ თბილისის თვალწარმტაცი ხედების გავლით ფუნიკულიორის საბაგიროთი ეწვიონ მას.
კალენდარში დასტამბული ტექსტების ავტორები არიან: ანჯელა კატელო, ჩეზარე კუნაჩა, მიქელე დე ლუკი, დანტე სტეფანო დელ ვექიო, დინკო ფაბრისი, მიქელე ფატიკა, ანდრეა ფორლანი, პატრიცია ლიჩინი დე რომანიოლი, ლუიჯი მაგაროტო, ელიზაბეტა მორო, ვერონიკ მურატი, გაგა შურღაია და პიმო ტაორმინა.




