ქართული პურის სახეობები

პურს ქართველი ხალხის კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქართულ ტრადიციაში არაერთხელ თქმულა: „ყველი, პური და კეთილი გულიო“. მართლაც ასეა, სუფრა და ურთიერთობები პურით იწყება. საქართველოში პურის რამდენიმე ათეული სახეობა არსებობს, რომელთა ცხობის ტექნოლოგია და ფორმები ამ საქმის ცოდნის დიდ კულტურაზე მეტყველებს. პური ყუათიანი პროდუქტია. მისი ცომი უმეტესად ხორბლის ფქვილისგან მზადდება. საქართველო პურეული კულტურების მოშენების ერთ-ერთ უძველეს კერად მიიჩნევა. ხორბლის მდიდარი ჯიშები აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა და დამუშავდა, რამაც ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი. დასაფქვავ ხორბალს ადრე სულადს უწოდებდნენ, ხოლო დაფქვილს ფქვილს. სხვადასხვა ხარისხის და თვისების ხორბლისგან კი, სხვადასხვაგვარ პურს აცხობდნენ. ამ სტატიაში ქართული პურის სახეობებს, მათი ცხობის ტრადიციებს გაგაცნობთ, რომლებსაც დიდი ისტორია აქვთ.
თონის პური – თონე, ძველ ქართულად თორნე მიწაში ჩადგმული უძირო და ცილინდრული ფორმის თიხის ნაკეთობაა, რომელიც საქართველოს ბარშია გავრცელებული და მაღალი წებოვნების მქონე პურის საცხობად გამოიყენება. ქართულ მეთონეობაში ძირითადად, ორგვარი სახის თონის პური გვხვდება: საოჯახო და პროფესიული მეპურის თონე. საოჯახოდ, პატარა, საშუალო და დიდი ზომის პირმოხვეული და პირგანიერი თონეები და შესაბამისი თონის პურებია გავრცელებული. რაც შეეხება პროფესიული მეპურის თონეს, საოჯახოდ გავრცელებული თონისგან ის სიდიდით და მოყვანილობით განსხვავდება.
შოთი - ქართული თონის პურის გრძელი და რკალისებური ფორმის სახეობაა, რომელსაც სქელი ყუა, თხელი პირი და წაწვეტებული ბოლო აქვს. განსაკუთრებით გრძელ და მოხრილ ხმლისებურ შოთებს კახეთში აცხობენ. ქართლში კი, შედარებით მოკლე ფორმის შოთები გვხვდება. სახელწოდება შოთი წარმართულ ღვთაებასთან, მთვარესთან არის დაკავშირებული. როგორც ძველ ისტორიულ წყაროებშია ნახსენები პური შესაწირი დანიშნულებისთვისაც გამოიყენებოდა. ყოფითმა ტრადიციამ ხორბლის ზედაშეებიც შემოინახა, რომელთაგან სარიტუალო პურებს აცხობდნენ. შოთის პურს დღესაც აქტიური დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში.
ქართული ლავაში თონეში – ქართული ლავაში თონის პურის სახეობაა. ის სხვა ერებსა და ქვეყნებში გავრცელებული აზიური ლავაშისგან სრულიად განსხვავებული და უნიკალური პურის სახეობაა. ქართული ლავაში საფუარის ცომისგან მზადდება, სქელია და მრგვალი ფორმა აქვს. აღსანიშნავია, მისი მომზადების ტექნოლოგიაც. ქართული ლავაში თონეში ლაფათის საშუალებით იკვრება. ლაფათი ტარიანი დაფაა, რომელსაც ზემოდან ბალიში აქვს გადაკრული.
ქართულ პურს როგორც ყოველდღიური ცხოვრების სიმბოლოს ხელოვნებაშიც გამორჩეული ადგილი უკავია. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებში, სადაც პური სუფრის გულს და ქართულ სტუმართმოყვარეობას გამოხატავს. მის ცნობილ ნახატებში, თონეში გამოცხობილ შოთის თხელ, მოგრძო ფორმის პურს ხშირად ვხვდებით. ფიროსმანის სურათებში პური ერთ-ერთი მთავარი დეტალია, რომელიც ხალხურ ყოფას, სითბოს და გულწრფელობას უსვამს ხაზს. სწორედ ამიტომ, მისი ტილოები ხშირად არა მხოლოდ როგორც მხატვრობად, არამედ ქართველობის ვიზუალურ მემატიანედ აღიქმება, სადაც პური ისეთივე შეუცვლელია, როგორც მომღიმარი მასპინძელი და გემოებით სავსე ქართული სუფრა.
მიუხედავად, ქართული პურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში დღემდე აქტუალურია, თბილისი როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს ახალი კულინარიული გამოცდილებებითაც ანებივრებს. თონეში გამომცხვარი შოთის მრავალი სახეობის პურებთან ერთად, ქალაქში არაერთი თანამედროვე საცხობია, სადაც ფრანგული პურის შეძენაა შესაძლებელი. „ანტრეს“ და „ბრეტონს“ ამ სიაში გამორჩეული ადგილი უკავია სხვადასხვა მცირე ზომის არტიზანულ საცხობებთან ერთად. ამ ფორმით ერწყმის ერთმანეთს ძველი და ახალი ქართული პურის სულიერება და თანამედროვე საცხობების მრავალფეროვანი არჩევანი, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პური არა მხოლოდ საკვები, არამედ ქართული კულტურის ნაწილია.





