Georgian Airways ჟურნალი ENG
პარტნიორები

მიხეილ ხერგიანი - „კლდის ვეფხვი“

მიხეილ ხერგიანი - „კლდის ვეფხვი“

„მთა ისე გიბიძგებს მწვერვალისკენ, როგორც თოვლი სრიალისკენ. ორივეში იგებ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია, საკუთარი ძალის აღმოჩენას.“ ეს ციტატა დღევანდელი ჩვენი სტატიის მთავარი პერსონის, მიხეილ ხერგიანის როგორც ცხოვრებას ისე შინაგან სამყაროს კარგად აღწერს.

მიხეილ ხერგიანი, მეტსახელად „კლდის ვეფხვი“, ქართველი ალპინისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტსმენი და საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი გახლდათ. ის სვანეთში, 1932 წელს, ერთ-ერთი პირველი ქართველი, მთამსვლელის, ბესარიონ ხერგიანის სახლში დაიბადა, რომელმაც 1937 წელს უშბა დაიპყრო. მამის გარდა, მისი ბიძა და ბიძაშვილიც ალპინისტები იყვნენ. ალპინიზმით, კლდეზე ცოცვით და სამთო-სათილამურო სპორტით, მიხეილ ხერგიანი მოზარდობის პერიოდიდან იყო გატაცებული. სპორტის მიმართ ინტერესსს ის ისტორიებიც ამძაფრებდა, რომლებსაც ოჯახში ისმენდა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, 1951 წელს, მიხეილ ხერგიანმა ალპინიზმის ინსტრუქტორების საკავშირო სკოლა დაამთავრა. ერთი წლის შემდეგ პრიელბრუსიეში, ადირ

-სუს ხეობაში მდებარე ალპინისტურ ბანაკ „მეტალურგში“ კი, ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა. 1952 წელს ქართველმა სპორტსმენმა ალპინიზმის მეორე თანრიგის ნორმები შეასრულა და კლდეზე ცოცვაში ჩემპიონი გახდა. 1956 წლიდან, მიხეილი შხელდას ხეობაში ალპინისტურ ბანაკ „სპარტაკის“ სამაშველო რაზმს ხელმძღვანელობდა. ამავე წელსვე, ტიუტიუ-ბაშის ჩრდილოეთ კედლის პირველი დაპყრობისთვის, მიხეილ ხერგიანმა სსრკ-ის სპორტის ოსტატის და ჩემპიონის წოდება მიიღო.

ალპინიზმში სპორტსმენი სსრკ-ს სამგზის ხოლო, კლდეზე ცოცვაში პროფკავშირების საკავშირო შეჯიბრების და სსრკ ჩემპიონატების შვიდგზის,მათ შორის, ოთხ შემთხვევაში, აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

სპორტსმენი მთაზე ასვლის და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით გამოირჩეოდა. დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საბჭოთა, ისე უცხოელ მთამსვლელთა შორის. 1964 წელს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ქართველი ალპინისტი „კლდის ვეფხვად“ მოიხსენია, რაც შემდგომში მთამსვლელის მეტსახელი გახდა.

1969 წლის ზაფხულში მიხეილ ხერგიანი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად, იტალიური მწვერვალების დასალაშქრად გაემგზავრა. ბოლო მარშრუტი, მთა სუალტოს 700-მეტრიანი კედელი იყო, სადაც ხერგიანს რეკორდი უნდა დაემყარებინა. იგი ჯგუფს წინ მიუძღვებოდა, თუმცა მოულოდნელი ქვების ცვენამ მისი თოკი გადაჭრა და მთამსვლელი 600 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა.

მიხეილ ხერგიანის სახელს, მთაში სამაშველო სამუშაოების შედეგად წასული მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უკავშირდება. ალპინისტის სახელის უკვდავსაყოფად, დღემდე ბევრი აქტივობა ტარდება. 1983 წელს მესტიაში ხერგიანის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. ასევე, არსებობს ხერგიანის პრიზი კლდეზე ცოცვაში. ქართველი ალპინისტის სახელი უწოდეს ყირიმში იაილის მასივზე კლდეს, ვრაჩანის მასივის ერთერთ ალპინისტურ მარშრუტს ბულგარეთში, მწვერვალს კავკასიონზე და პამირ-ალაიში, თურქესტანის ქედზე 4960 მეტრი სიმაღლის მწვერვალს. ალპინისტის სახელობის მემორიალური დაფები ალპინისტურ ბანაკში „შხელდა“, იტალიასთან ახლოს მთაზე, ყირიმში, სოფელ ნიკიტასთან ახლოს მდებარე მთაზე, და სუ-ალტოს მწვერვალზეა განთავსებული. აღსანიშნავია, რომ სუ-ალტოს კლდის ფონზე, იტალიელმა ალპინისტებმა მიხეილ ხერგიანის საპატივცემულოდ, მისი სახელობის ძეგლი დადგეს.

მიხეილ ხერგიანის ცხოვრება და გზა, რომელიც უშიშარმა „კლდის ვეფხვმა“ ქვის კედლებზე აღმართა, ქართულ ისტორიაში დღემდე განხორციელებული ოცნებების სახელით ჟღერს. მისმა შინაგანმა სამყარომ და თავგადასავლებისკენ სწრაფვამ შთაგონება არა მხოლოდ მთამსვლელების თაობებს გაუღვიძა, არამედ სრულიად ახალი ხედვა გააჩინა, სადაც კარგად იგრძნობა თუ რას ნიშნავს ბუნებასთან ურთიერთობის შემოქმედება.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.