ნიკა ფალიანი - გამორჩეული ქართველი ალპინისტი და სამთო გამყოლი

გზაზე, სადაც მიხეილ ხერგიანი ყოველთვის იცოცხლებს, ახალი თაობის წარმომადგენლის ნიკა ფალიანის შესახებ გვსურს მოგიყვეთ. სამწუხაროდ, მასზეც წარსულში.
ნიკა ფალიანი გამორჩეული ქართველი ალპინისტი და სამთო გამყოლი გახლდათ. გამოცდილმა მთამსვლელმა და საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სამთო გიდმა, სვანეთის რეგიონის, როგორც ბუნებრივი და სათავგადასავლო ტურიზმის მთავარი კერის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მისი მიზანი მსოფლიოსთვის სვანეთის და საქართველოს მაღალმთიანი ბუნების გაცნობა იყო. ამისათვის ნიკა აქტიურად იღებდა, აზიარებდა ფოტოებს, აწყობდა ტურებს და მთის კულტურის, როგორც ცხოვრების წესის, ელჩი როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გახლდათ. ნიკას და მწვერვალების ისტორია მისი მიზანდასახული და შრომისმოყვარე ბუნებიდან დაიწყო. მისი მიზანი საერთაშორისო სამთო გამყოლობა გახლდათ. ამ მიზნით სნოუბორდიდან თხილამურებზე გადაინაცვლა და ყოველდღიური რეჟიმით მისი მთავარი სურვილისკენ მიდიოდა. ნიკა გამოცდილი ქართველი ალპინისტი და საერთაშორისო კატეგორიის პროფესიონალი სამთო გამყოლი იყო. მისმა საქმიანობამ, პატრიოტიზმმა, მთის სიყვარულმა და სულის ამოძახილმა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში, სვანეთის რეგიონის და მთლიანად საქართველოს პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტნა. აღსანიშნავია, რომ ნიკა საერთაშორისო სამთო გამყოლის უმაღლეს სტატუსს - IFMGA-ს ფლობდა, რითიც საქართველოში სამთო გამყოლის პროფესიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ის სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტიც გახლდათ. უშბის სამხრეთ და ჩრდილოეთ მწვერვალებზე მას არაერთხელ ჩაუტარებია სწავლება.
ნიკა ფალიანი Freeride World Tour-ის უსაფრთხოების მენეჯერიც გახლდათ, რაც უდიდესი პასუხისმგებლობა და ქვეყნისთვის საამაყო ფაქტია.
საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ფილმების გადაღებითაც აქტიურად იყო დაკავებული. მისი პირველი ფილმი „გაუმარჯოს“ ჯერ კიდევ მაშინ გადაიღო, როცა სნოუბორდზე იდგა. რასაც ეტაპობრივად, მისი შემდგომი ფილმები: Lukmed, Lost in Georgia, Kastanistan მოყვა. ნიკოს ფილმებმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთგზის იმოგზაურა. მისი ფილმების ჩვენება ევროპაში ,კერძოდ საფრანგეთში, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კინოფესტივალზე High Five Film Festival გაიმართა, რომელსაც ყოველწლიურად 50.000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.
ნიკოს ფილმებმა საქართველოს მწვერვალები, მთები, ადგილობრივი კულტურა, სათავგადასავლო ბუნება, ხასიათი მსოფლიოს გააცნო, რამაც ადგილობრივი, ავთენტური ტურების მიმართ ინტერესის გაზრდას შეუწყო ხელი.
სპორტსმენის სახელი უამრავ ადამიანში მასთან დაკავშირებულ ბედნიერ და ძვირფას მოგონებებს აცოცხლებს.
ნიკა ფალიანი 2025 წლის 22 მაისს, უშბაზე ექსპედიციის დროს, ტრაგიკულად 29 წლის ასაკში დაიღუპა. მთამსვლელის გარდაცვალება, დიდი ტრაგედია არა მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის არამედ მთამსვლელთა, ადგილობრივი საზოგადოების და მთელი ქვეყნის დიდი ტკივილი გახდა. მიუხედავად ასაკისა, ნიკა ფალიანის სახელს ბევრი წარმატება, მსოფლიოსთვის სვანეთის გაცნობა და დიდი სიყვარული უკავშირდება, რომელიც დღესაც განაგრძობს ცხოვრებას.
სწორედ იქ, მწვერვალებს შორის, სადაც ქარი მიხეილ ხერგიანის ეპოქასაც ეხება და ნიკა ფალიანის ფაქიზი სულის ნდობით სავსე ნაბიჯებსაც, ერთმანეთს ორი დრო წარსული და თანამედროვეობა ხვდება.
ორივე გვახსენებს, რომ ქართველისთვის მთა გეოგრაფიულ მდებარეობაზე მეტია. ეს ის სივრცეა, სადაც ადამიანი საკუთარ სულიერ სიმაღლეს პოულობს.









