სერგო ქობულაძე

სერგო ქობულაძის სახელი ქართულ მხატვრობაში სინათლის და ფერის განსაკუთრებულ ჰარმონიას უკავშირდება. კლასიკური მონუმენტალიზმით, დახვეწილი ლირიზმით და უნიკალური ხაზოვანი სტილით შექმნილი სამყარო, სადაც რეალობა და სიმბოლიკა ერთიანდება. სერგო ქობულაძის შემოქმედება ქართული კულტურის სიღრმეებში მოგზაურობის გამოცდილებაა, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხედვა საოცარი თანხვედრით იძენს სიცოცხლეს.
მხატვრი შემოქმედებითი კარიერის ადრეულ ეტაპზე თეატრის მხატვრობით და წიგნის მხატვრული გაფორმებით გახლდათ გატაცებული, რომლის ბიძგიც 1934 წელს გამოცხადებული კონკურსი იყო. კონკურსის მიზანი, 1937 წელს, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის საიუბილეო, ილუსტრირებული გამოცემის მომზადება გახლდათ. აღსანიშნავია რომ, სერგო ქობულაძის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი ილუსტრაციები დღემდე ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია.
საქართველოს სახალხო მხატვრის, სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, გრაფიკოსის, ფერმწერის და თეატრის მხატვარის სერგო ქობულაძის შემოქმედებითი ხედვა და ვიზუალური გამოხატულება დროსთან ერთად იცვლებოდა.
1930-1940-იან წლებში, შემოქმედის მიერ შექმნილი ილუსტრაციები ნაწარმოებების კლასიკურ ხასიათთან შესაბამისობაში იყო. შესრულებული ნახატები უზადო ოსტატობის და სრულყოფილების ნიმუშებს წარმოადგენდა. ფიგურების მკვრივი ფორმები და მონუმენტური კომპოზიციები ავტორის იმ პერიოდის შემოქმედების მთავარი ელემენტები იყო.
მხატვრის 1950-იან წლებში შესრულებული ნამუშევრე ბი მეტად ინტიმური ხასიათის მატარებელი და წიგნის შინაარსზე მორგებული გახდა. ილუსტრაციებში, წიგნში
ცხოვრების, ემოციის კვალი გაჩნდა, რამაც ჩანახატი
მეტად ცოცხალი და მკითხველისთვის გრძნობადი გახადა. ილუსტრაციების ტრანსფორმაცია სერგო ქობულაძის პერსონაზე ბევრს მეტყველებს. ნათელია რომ, ავტორისთვის წიგნი ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენდა, რომელსაც ყოველ ეტაპზე ახლიდან იაზრებდა. მუდმივ შემოქმედებით ძიებაში ყოფნა კი, მის ნახატებს და პროფესიონალიზმს მრავალი მიმართულებით ანვითარებდა.
სერგო ქობულაძე დაზგური გრაფიკის და ფერწერის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა. მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტები, პეიზაჟები და ნატურმორტები კლასიკოსი მხატვრის ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენს. მის სახელს უკავშირდება, 1958-1961 წლების განმავლობაში, თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრისთვის შექმნილი, უნიკალური ფარდა. ფარდის შექმნას მხატვარმა ჯამში 4 წელი მოანდომა, საიდანაც 3 წელი ესკიზს ხატავდა, 11 თვე კი, მარტო ქმნიდა მას.
სერგო ქობულაძის ერთ-ერთი ინტერესი იტალიური რენესანსის ეპოქის ხელოვნება გახლდათ. სიცოცხლის ბოლო წლებში, მან თეორიული ნაშრომი „ოქროს კვეთის“ შესახებ დაწერა, სადაც წლების მანძილზე, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააერთიანა. განსაკუთრებულ ყურადღებას და აღნიშვნას იმსახურებს 50-იან წლებში მის მიერ იტალიაში გადაღებული ფოტოები.
ხელოვანის თვალით დანახული 1956 წლის იტალიის ქალაქები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის არქივშია დაცული. ცენტრმა გამოფენა სახელწოდებით – „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“ შემოქმედის დაბადებიდან 115-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩაატარა და ექსპოზიციაზე მისულ დამთვალიერებლებს 1956 წლის იტალიის ქალაქების დათვალიერება, ხელოვანის მიერ დაჭერილი წამიერი მომენტების და ამბების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
დრო მიდის, კადრები კი რჩება. დღეს, სერგო ქობულაძის შემოქმედება შეხსენებაა რომ, ფერი და ხაზი ტექნიკური საშუალებების გარდა, აზრის და ემოციის ელჩები შეიძლება გახდნენ. ხელოვანის მიერ დატოვებული შემოქმედება ცალკე დამოუკიდებელი ისტორიაა, რომელიც ჩუმად ლაპარაკობს და ყოველ ახალ დამთვალიერებელთან შეხვედრისას ახლიდან იბადება.








