ქართული სიტყვის ეტიმოლოგია

სიტყვები პატარა კარიბჭეებს წარმოადგენენ, რომელთა საშუალებითაც საკუთარ სამყაროს სხვებს ვუზიარებთ. ქართული სიტყვა, როგორც ენის და თვითმყოფადობის მატარებელი საგანძური, ქართველი ერისთვის კომუნიკაციის საშუალების გარდა, უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობაა, რომელიც ანტიკური ხანიდან დღემდე მოგვყვება და განვითარებას განაგრძობს. ყოველი სიტყვა დამოუკიდებელი ისტორიაა. მისი ფესვები უძველეს ხელნაწერებში, ქვის წარწერებში, მეფეთა კანონებში და ხალხურ თქმულებებშია შემონახული. ამიტომ, ქართული სიტყვის წარმოშობის განხილვა არა მხოლოდ ლინგვისტური, არამედ კულტურულ-ცივილიზაციური კვლევის დიდი საგანია. ქართული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის წევრია. თავად ენას მისი ლექსიკური შემადგენლობა შეადგენს, სადაც მუდმივად ცვლილებები მიმდინარეობს. ზოგი სიტყვა კვდება და მეტყველებაში აღარ გამოიყენება, ზოგი ფორმას იცვლის, ზოგი მნიშვნელობას, ზოგიერთი მათგანი კი, ახალ სიტყვად გარდაიქმნება.
ენის გამდიდრება ორი გზით ხდება: სესხება და ახალი სიტყვების წარმოება. განვითარებულ ენად ის ითვლება, რომელსაც მდიდარი ლექსიკა აქვს. ქართული ენა სწორედ განვითარებულ ენათა რიცხვს მიეკუთვნება. პირველი ლექსიკური ნაკადი, რომელიც ჩვენმა ენამ შეითვისა, უძველესი აღმოსავლეთის ხალხთა ლექსიკური ელემენტებიდან მოდის რომლებიცაა: შუმერული, პროტოხეთური, ურარტული, ელამური და სხვა. მეორე ნაკადი ინდოევროპული ენებიდან მოდის, განსაკუთრებით ირანული ენიდან. მესამე ნაკადი არაბული ენიდან შემოვიდა. მეოთხე ნაკადი კი სპარსული და თურქული ლექსიკიდან.
არსებობს მრავალი სიტყვა, რომელიც ხალხმა შექმნა.
ზოგი ლაპარაკის, ზოგიც რაიმე მოთხრობის, ლექსის ან პოემის დაწერისას. ამ კომპოზიტების შექმნაში ბევრ ქართველ გამოჩენილ მწერალს მიუძღვის წვლილი. მათ შორის არიან: აკაკი წერეთელი, გიორგი ლეონიძე, ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე და სხვა. საინტერესოა, თუ როგორ ქმნიდა ილია ჭავჭავაძე საჭირო სიტყვებს? მწერალი მას ხშირად ხალხის მეტყველებაში ეძებდა, ქართული ენის ბუნების შესაბამისად ცნობილი ფუძეების და აფიქსების გამოყენებით სიტყვებს ქმნიდა, სიტყვაწარმოქმნისას ხშირად იყენებდა ება, ობა და სო აფიქსებს. მის სახელს ისეთი სიტყვების გავრცელება უკავშირდება, რომლებიც დაკარგული იყო და როგორებიცაა: მამული, სამშობლო, მიწა-წყალი, მამულიშვილი, მამულიშვილობა და სამამულო. მან დაამკვიდრა სიტყვა “მოქალაქე”.
ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება გახლდათ. სწორედ ამიტომ, შეუფასებელია ის ღვაწლი, რაც მას ამ მიმართულებით მიუძღვის.
მეცნიერების აზრით, ქართული ენის ფესვები ძვ. წ. II ათასწლეულს უნდა მიეკუთვნებოდეს, რასაც ბრინჯაოს ხანის კულტურებიდან შემორჩენილი არქეოლოგიური მასალა და ტოპონიმები ადასტურებენ. პირველი წერილობითი დასტურის წყაროებია მეხუთე საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონის წარწერა, რომელიც ქართული ანბანის უძველეს ნიმუშებს შორისაა, ასევე, მეხუთე-მეექვსე საუკუნის მარაბდის და წონდის წარწერები, კიდევ უფრო ძველი კი, ბერძენ და რომაელ ავტორებთან არსებული მინიშნებებია, რომლებიც იბერთა და კოლხთა ენებზე როგორც უნიკალურ და ერთმანეთთან დაკავშირებულ სამეტყველო სისტემაზე მიუთითებენ. ამ პერიოდშივე ასომთავრული ქართული ანბანი არსებობდა, რაც სიტყვათა სტაბილური სტრუქტურის და მეტყველების არსებობის მანიშნებელია.
დროთა განმავლობაში, ქართული სიტყვა ფორმით, ორთოგრაფიით და მნიშვნელობით იცვლებოდა. ეს პროცესი კარგად ჩანს სხვადასხვა ნაწარმოებებშიც. მაგალითად, „ქართლის ცხოვრება“ რომელიც ისტორიული ქრონიკებით, ძველი ენის ფორმებით და ტერმინებითაა გაჯერებული. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ქართველების საგანძური და სამაგიდო წიგნი კი, კლასიკური ქართული ენის მდიდრულ ლექსიკას მოიცავს. მე-19-ე და მე-20-ე საუკუნეებში ქართველი საზოგადოებრივი მოღვაწეების მოღვაწეობამ ქართული ლიტერატურული ენის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რამაც, სამეცნიერო და ტექნიკური ტერმინოლოგიის ახალი ფენა წარმოშვა.
ქართული სიტყვის წარმოშობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რომელიც გვარწმუნებს, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და მუდმივად ვითარდება. იგი უცხოურ ელემენტებს, იზიდავს და ამავდროულად, საკუთარ, უნიკალურ, ფესვებსაც ინარჩუნებს. ქართული ენა არა მხოლოდ ჩვენი წინაპრების ყოველდღიურობის ხმა, არამედ კულტურის და თვითმყოფადობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომლის შენარჩუნებაც თითოეული ჩვენგანის სულიერი ამოძახილი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა.



