პარკები

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბუნებრივი პარკები და ბოტანიკური ბაღები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, როგორც მეცნიერების, ესთეტიკისა და დასვენების სივრცეები. მათი განვითარება ხშირად უკავშირდება არისტოკრატიულ ბაღებს, კოლონიურ ეპოქაში მცენარეთა შეგროვების ტრადიციას და შემდგომში საზოგადოებისთვის ღია რეკრიაციული ზონების შექმნას. დღეს ასეთი სივრცეები მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს აღარ წარმოადგენს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოლოგიური განათლების გავრცელებასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში.
იტალიაში მდებარე Parco Giardino Sigurtà ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ისტორიულ ბაღად მიიჩნევა. დაახლოებით 60 ჰექტარზე გადაჭიმული პარკი მრავალფეროვან ლანდშაფტს აერთიანებს და ვიზიტორებს უნიკალურ ბუნებრივ გარემოს სთავაზობს. მის ისტორიას XV საუკუნემდე მივყავართ, როდესაც ტერიტორია კერძო მამულის ნაწილი იყო.
პარკი ვიზიტორებისთვის 1978 წლის 19 მარტს გაიხსნა. თავდაპირველად მისი დათვალიერება ავტომობილით, ე.წ. „auto-guide“ სისტემით იყო შესაძლებელი, თუმცა 2000-იანი წლებიდან სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის სრულად გახდა ხელმისაწვდომი. დღეს პარკი სტუმრებს მარტიდან ნოემბრამდე მასპინძლობს და ყოველწლიურად 400 ათასზე მეტ ტურისტს იზიდავს.
პარკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ერთკილომეტრიანი ვარდების ალეა - Viale delle Rose, სადაც მაისიდან სექტემბრამდე ათიათასობით ვარდი ყვავის. ალეიდან იშლება ხედები ვალეჯო სულ მინჩოს ისტორიულ სკალიგეროს ციხეზე. ასევე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს 2011 წელს გახსნილი ლაბირინთიც, რომელიც კომპოზიციურად გამორჩეული სივრცეა.
პარკში ასევე განლაგებულია 18 წყლის ბაღი – პატარა ტბორები, სადაც წყლის შროშანები, ჰიაცინთები და ლოტოსები იზრდება. მათი ყვავილობის პიკი ივნისსა და ივლისშია და ამ პერიოდში ტერიტორია განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
სიგურტას პარკის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშანია ფართო მწვანე გაზონები და მრავალსაუკუნოვანი ფოთლოვანი ტყეები, რომლებიც ბუნებასთან ჰარმონიულ გარემოს ქმნის. პარკი განსაკუთრებულად ცნობილია ტიტების ფესტივალით. დროთა განმავლობაში ტიტების რაოდენობა 5,000-დან მილიონზე მეტამდე გაიზარდა. ყოველწლიურად, მარტსა და აპრილში, ფესტივალს დაახლოებით 100,000 ვიზიტორი ესწრება. ღონისძიებას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის „იტალიის ყველაზე ლამაზი ყვავილობა“ (2016) და „მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ყვავილობა“ (2019).
პარკის დათვალიერება შესაძლებელია ფეხით, ველოსიპედით, გოლფ-ქარის გამოყენებით, ელექტრო შატ ლით ან პანორამული მატარებლით. ინფრასტრუქტურა მოიცავს პიკნიკის ზონებს, ოჯახურ მარშრუტებს და ბავშვებისთვის საგანმანათლებლო აქტივობებს, რაც მას მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცედ აქცევს.
მსგავსი ტიპის ბაღების კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითია ავსტრალიაში მდებარე Dandenong Ranges Botanic Garden. დაახლოებით 50 ჰექტარზე გაშლილი ეს ბაღი ზღვის დონიდან თითქმის 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა ზომიერი კლიმატისთვის დამახასიათებელი დეკორატიული მცენარეებით. ვულკანური, კარგად დრენაჟიანი და ოდნავ მჟავე ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის როდოდენდრონებისთვის, რომლებიც ბაღის ერთ-ერთ მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს.
ბაღში წარმოდგენილია 50,000-ზე მეტი მცენარე, მათ შორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იაპონური სტილის ბაღი, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში ალუბლის ყვავილობა სივრცეს განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს. პიკნიკის ზონები და ღია მინდვრები ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ბუნებაში დრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატარონ.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბოტანიკურ ცენტრად კი მიიჩნევა ლონდონში მდებარე Royal Botanic Gardens, Kew. XVIII საუკუნეში დაარსებული ბაღი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და მცენარეთა უმდიდრეს კოლექციას ინახავს.
ქიუს ბაღში თავმოყრილია ათიათასობით სახეობა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან. ტერიტორიაზე განლაგებულია უნიკალური სათბურები, მათ შორის ცნობილი Palm House, სადაც ტროპიკული მცენარეებია წარმოდგენილი, ასევე ისტორიული ნაგებობები და ლანდშაფტური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშები, როგორიცაა იაპონური სტილის ტაძარი.
ქიუს ბაღი მხოლოდ ვიზუალური სილამაზით არ შემოიფარგლება. ის გლობალური სამეცნიერო ცენტრია, სადაც მიმდინარეობს კვლევები ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. აქვე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თესლის ბანკი, რომლის მიზანია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების შენარჩუნება.
საქართველოც გამორჩეულია ბუნებრივი მრავალფეროვნებით, რაც განსაკუთრებულად აისახება მის დაცულ ტერიტორიებსა და ბოტანიკურ ბაღებში. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შექმნილი პარკები არა მხოლოდ უნიკალური ლანდშაფტით იზიდავს ვიზიტორებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემების დაცვასა და გარემოსდაცვით განათლებაში.
ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სივრცეა ბათუმის ბოტანიკური ბაღი. აჭარაში მცენარეების საისტორიო შემოტანა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. 1881 წელს აჭარაში პირველი მცენარეთა ბაღის შექმნა მიხეილ დ’ ალფონსმა დაიწყო, რომელსაც ჩაქვთან ახლოს საკუთარი სამეურნეო ბაღი ჰქონდა. შემდგომ, 1892 წელს გეოგრაფისა და ბოტანიკოსის, პავლე ტატარინოვის ინიციატივით, ბათუმის სანაპიროზე მოეწყო საკლიმატიზაციო ბაღი, რომელსაც დღეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის „ზედა პარკი“ წარმოადგენდა.ბაღის ოფიციალური გახსნა 1912 წელს შედგა. ის მდებარეობს ბათუმის ცენტრიდან დაახლოებით 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავსა და მწვანე კონცხს შორის. ბაღის ტერიტორიას სანაპიროს გასწვრივ დაახლოებით ერთი კილომეტრი უკავია და ზღვის დონიდან 0–220 მეტრამდე სიმაღლეზე ვრცელდება. პირველი ბუნებრივი პირობების მიხედვით, ეს ადგილი კოლხური ტყის ნაწილი იყო: ზედა იარუსში წიფელი, წაბლი და ცაცხვი დომინირებდა, ხოლო ქვეტყეში წყავი და შქერი.
დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში 2,037 მერქნიანი მცე
ნარეა თავმოყრილი, რომელთაგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, დანარჩენი 1,504 სხვადასხვა რეგიონიდან შემოტანილია. მცენარეები წარმოშობის მიხედვით დაყოფილია ცხრა ფიტო-გეოგრაფიულ ჯგუფად: ავსტრალია, ახალი ზელანდია, აღმოსავლეთი აზია, ჰიმალაები, ჩრდილოეთი ამერიკა, მექსიკა, სამხრეთი ამერიკა, ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და კავკასიის სუბტროპიკული ზონები.
1998 წლიდან ბაღი საერთაშორისო ორგანიზაცია BGCI-ის წევრია, რაც მას საშუალებას აძლევს, კავშირი ჰქონდეს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყნის ბოტანიკურ ბაღებთან, უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან. ეს სტატუსი აძლიერებს ბაღის როლს როგორც მცენარეთა დაცვის, ასევე საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის ცენტრად.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. პარკის მცენარეული საფარი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, რაც განპირობებულია ადგილმდებარეობის ბოტანიკურ-გეოგრაფიული თავისებურებებით. ტერიტორიის დაახლოებით 75 პროცენტი შერეული, უნიკალური ტყეებით არის დაფარული, ხოლო დარჩენილი ნაწილი სუბალპურ და ალპურ მდელოებს უკავია. ასეთი განლაგება ქმნის ეკოსისტემების მდიდარ, ჰარმონიულ ქსელს, სადაც მცენარეები და ცხოველები თანაარსებობენ.
ფაუნის მხრივ, პარკი განსაკუთრებით მდიდარია. აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემურია, ხოლო 8 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მათ შორის ბინადრობს კეთილშობილი ირემი, არჩვი, შველი, მურა დათვი, მგელი და ფოცხვერი. დაცულ ტერიტორიაზე ასევე დაცულია გარეული ღორი, შველი, მგელი და ტყის კატა, ხოლო ღამურების 20 სახეობა აქ განსაკუთრებით აქტიურია.
ტენიან ტყეებში რეპტილიებიც საკმაოდ მრავალფეროვანია – აღრიცხულია 30 სახეობა, რომელთაგან 3 არის დასავლეთ კავკასიის ენდემები, ხოლო 2 საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ასეთი ბიომრავალფეროვნება პარკს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც ბუნების დაცვის, ისე სამეცნიერო და ეკოტურისტული აქტივობებისთვის.
თბილისის გულში მდებარე ბოტანიკური ბაღი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა, რომელიც ისტორიულად დედაქალაქის ლანდშაფტის ნაწილია. ბაღი გარშემორტყმულია ძველი თბილისის უბნებით – აბანოთუბანითა და ხარფუხით, ჩრდილო-დასავლეთით კი კოჯრის გზატკეცილი გადის. აღმოსავლეთით ბაღს ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტები ესაზღვრება.
ბოტანიკური ბაღი ერთდროულად რეკრეაციული, საგანმანათლებლო და სპორტული სივრცეა. ეს ადგილი ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს სასიამოვნოდ დაისვენონ, მეცნიერებით დაინტერესდნენ და საკუთარ თავზე გამოსცადონ ექსტრემალური აქტივობები. ვიზიტორებს შეუძლიათ ნახონ, იასამნების კოლექცია, წიწვოვანი მცენარეები, იაპონური ბაღი, ჩანჩქერები, ხეებში ჩაფლული ხიდები და შადრევნები. ასევე მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი ფანჩატურები.
ბაღის ინფრასტრუქტურა მრავალფეროვანია: ფუნქციონირებს კაფე, მუზეუმი და სადღესასწაულო სივრცე, სადაც ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარებაა შესაძლებელი. ბავშვებისთვის შექმნილია სათამაშო ზონები საქანელებითა და გასართობი ატრაქციონებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაც არის შესაძლებელი, ხოლო აქტიური სპორტის მოყვარულებისთვის საცოცი კლდეა მოწყობილი. ვიზიტორთა ცენტრი სპეციალურ ტურებს სთავაზობს მნახველებს: შემეცნებითი მარშრუტები, საბავშვო ტურები, ველო-მარშრუტები და ექსკურსიები ელექტრომობილებით.
დღეს ბოტანიკურ ბაღს 97 ჰექტარი უჭირავს. აქ წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები: დაახლოებით 3,500 სახეობა, სახესხვაობა და კულტივარი. ბაღში ფუნქციონირებს ტროპიკული მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და ექვსი სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება, რაც მას მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს როგორც კვლევისა, ისე ეკოლოგიური განათლების თვალსაზრისით.
ეს სამი სივრცე ნათლად წარმოაჩენს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრესა და იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყანას ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით გააჩნია.












