თბილისიდან ბათუმამდე გზა მარშრუტი მოგზაურებისთვის

თბილისიდან ბათუმამდე მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშრუტია საქართველოში.მანძილი ამ ორ ქალაქს შორის 375 კილომეტრია. ეს მარშრუტი საქართველოს ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებს კვეთს და მოგზაურებს საშუალებას აძლევს გზად არაერთი ღირსშესანიშნაობა და კვების ობიექტი მოინახულონ. გზა გადის მრავალფეროვან ბუნებასა და ისტორიულ ადგილებზე, რაც მოგზაურობას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.
პირველი შესვენებისთვის მოსახერხებელია გორი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ შუა საუკუნეების გორის ციხე და მღვიმური ქალაქი უფლისციხე მაგისტრალიდან 15 წუთის გზაზე. ადგილობრივ კაფეებში დააგემოვნოთ ქართული კერძები.
შემდეგი გაჩერებაა სურამი, რომელიც ცნობილია ნაზუქით და გზისპირა კვების ობიექტებით. გზაზევე ჩანს სურამის ციხე, რომელიც საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.უბისას მონასტერი XIII საუკუნის მონასტერია ცნობილი ულამაზესი ფრესკებით. რიკოთის უღელტეხილი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ულამაზესი მონაკვეთია აქ ერთმანეთს ენაცვლება ხშირი ტყეები, მწვანე მთები ღრმა ხეობები და სუფთა ჰაერი. რიკოთის გზაზე მოგზაურებს შეუძლიათ დატკბნენ პანორამული ხედებით.
ქუთაისი – სიდიდით მესამე ქალაქია საქართველოში, მდებარეობს იმერეთში და უძველესი დროიდან წარმოადგენს კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრს.
ბაგრატის ტაძარი-ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. პრომეთეს მღვიმე, ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, გელათის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრი იყო. სათაფლია, მოწამეთას მონასტერი და კიდევ მრავალი ისტორიული ადგილები, რომლებიც მოგზაურებისთვის შთამბეჭდავი სანახაობაა. ქალაქში მრავლადაა რესტორნები სადაც იმერული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ასევე სასიამოვნოა გაჩერება სამტრედიასა და ოზურგეთში, სადაც სტუმრებს გურული სამზარეულოს მრავალფეროვნებას გააცნობენ.
გურია ბათუმის მონაკვეთში შესაძლებელია შეკვეთილის დენდროლოგიული პარკის დათვალიერება. გზად ნახავთ პეტრას ციხეს-VI საუკუნის ისტორიულ ციხესიმაგრეს საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება შავ ზღვაზე.
და ბოლოს ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ქალაქი. იგი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. მოგზაურებს ბათუმში შეუძლიათ დაისვენონ სანაპიროზე, გაისეირნონ ბათუმის ბულვარში, მოინახულონ ანბანის კოშკი, ნახონ ცნობილი ქანდაკება ალი და ნინო. ქალაქში მრავლადაა კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და გასართობი ცენტრები.
თბილისიდან ბათუმამდე მოგზაურობა მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლა არ არის – ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მრავალფეროვან ბუნებას, ისტორიასა და კულტურას აცნობს მოგზაურებს. თითოეულ მოგზაურს შესაძლებლობა ეძლევა უკეთ გაიცნონ საქართველოს სილამაზე და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით ჩავიდნენე ბათუმში.





