Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ხელოვნება და კულტურა რომში

ხელოვნება და კულტურა რომში

რომი – ქალაქი, რომელიც დიდ თეატრალურ სცენას ჰგავს, სადაც არქიტექტურა დეკორაციაა, საუკუნოვანი ქანდაკებები – მუნჯი მსახიობები, ხოლო თავად ხელოვნება ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი გაგრძელებაა. აქ კულტურა წარსულის ცოცხალი ენერგიაა, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. როდესაც San Luigi dei Francesi-ს ბაზილიკაში შეაბიჯებ და კარავაჯოს ტილოების წინაშე აღმოჩნდები, ხვდები, რომ ნახატებიდან ისეთივე მძაფრი ემოცია გადმოდის, როგორიც რომაული ქუჩების აურზაურიდან შემოგყვა. მიქელანჯელოს მარმარილოს დიდებულება აქ მშვიდობიანად თანაარსებობს თანამედროვეობასთან, რადგან რომში ხელოვნება გთავაზობთ, უბრალოდ ტკბებოდეთ ამ სანახაობით და შედევრებს შორის ცხოვრება თქვენს ყოველდღიურობად აქციოთ.

იტალიური კულტურა საუკუნეების მანძილზე სწორედ იმით იყო უნიკალური, რომ ის ყოველთვის ხალხში იბადებოდა. მაგალითად, საკმარისია პიაცა ნავონაზე (Piazza Navona) გამოხვიდეთ, რომ ბერნინის „ოთხი მდინარის შადრევნის“ წინაშე ნამდვილი ბაროკოს სპექტაკლის მაყურებელი გახდეთ. მარმარილოს გიგანტები, წყლის ხმაური და მოედნის გარშემო შეკრებილი ხალხი ქმნის იმ უნიკალურ გარემოს, სადაც არქიტექტურული ხელოვნება არასოდესაა მოსაწყენი ან აკადემიური – ის მუდამ ხალხმრავალი, ცოცხალი და ემოციურია.

თუმცა, თუ გსურთ იხილოთ ადგილი, სადაც მარმარილო მართლაც ცოცხლდება, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბორგეზეს გალერეას (Galleria Borghese). სწორედ აქ ინახება ბერნინის გენიალური ქანდაკება „აპოლონი და დაფნე“, სადაც ხელოვანი ახერხებს ქვაში ასახოს ადამიანის კანის სინაზე, ქარის მოძრაობა და ფოთლებად ქცეული თითები. ეს არის წერტილი, სადაც რომაული კლასიკური ხელოვნება თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს და მნახველს სუნთქვას უკრავს.

შეუძლებელია, რომის უნიკალურობაზე ისაუბრო და არ ახსენო მისი განსაკუთრებული კავშირი კინემატოგრაფიასთან. ეს ქალაქი ათწლეულების მანძილზე იყო მსოფლიო რეჟისორების მთავარი მუზა – ფელინის „ტკბილი ცხოვრებიდან“ (La Dolce Vita) სორენტინოს „დიდებულ სილამაზემდე“ (La Grande Bellezza). რომს იმდენად ზღაპრული ეკრანული შარმი აქვს, რომ დღეს ქუჩებში ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებს, რომლებსაც აქ თავიანთი ბებიები ჩამოჰყავთ. მათთვის ეს მოგზაურობა იმ კინოკადრების გაცოცხლებაა, რომლებიც ახალგაზრდობაში, რკინის ფარდის მიღმა, აუხდენელ ოცნებად ჰქონდათ ჩარჩენილი. ახლა კი, წლების შემდეგ, ისინი საკუთარი თვალით ხედავენ „რომაულ არდადეგებს“ და ტრევის შადრევანთან ხელახლა უყვარდებათ ცხოვრება. და თუ გსურთ, ეს კულტურა არა მხოლოდ დაინახოთ, არამედ მის ნაწილად იქცეთ, მზის ჩასვლისას უნდა შეუერთდეთ La Passeggiata-ს – რომაული სეირნობის საუკუნოვან რიტუალს. ეს არ არის უბრალოდ ფეხით სიარული, ეს სოციალური ხელოვნების ფორმაა. საღამოს საათებში ქუჩები ივსება გამოპრანჭული, თავდაჯერებული ადგილობრივებით, რომლებიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებიან ვია დელ კორსოს, გზად ნაცნობებს ესალმებიან, ხმამაღლა ჟესტიკულირებენ და ცხოვრებით ტკბებიან. ამ სცენას რომ უყურებ, წამით გგონია, რომ დრო გაჩერდა და სადღაც, ამავე ქვაფენილზე, ახლაც სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი სეირნობენ – თავიანთი ხელშეუხებელი, მარადიული ელეგანტურობით. სწორედ ამ დროს ხვდები, რომ რომში ყველაზე დიდი კულტურული ძეგლი თავად მისი ხალხია.

მეორე მხრივ, რომი ახერხებს იყოს საოცრად ინტიმურიც, სადაც კლასიკური მემკვიდრეობა და თანამედროვე ქუჩის კულტურა ერთმანეთს ხვდება. კოლიზეუმის მონუმენტურობიდან რამდენიმე ნაბიჯში, ტრასტევერეს ვიწრო შესახვევებში, სრულიად სხვა ესთეტიკა იშლება. აქ, Santa Maria in Trastevere-ს ბაზილიკის მე-12 საუკუნის ოქროსფერი, მოციმციმე მოზაიკების ჩრდილში, ადგილობრივი არტისტები თავიანთ ნამუშევრებს პირდაპირ ქვაფენილზე ფენენ, ქუჩის მუსიკოსები კი ძველ იტალიურ მელოდიებს გიტარაზე ასრულებენ.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.