Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

როგორ იქცა პილატესი ცხოვრების სტილად ORA-ს დამფუძნებლების ისტორია

როგორ იქცა პილატესი ცხოვრების სტილად ORA-ს დამფუძნებლების ისტორია

პილატესი დღეს უკვე მხოლოდ ვარჯიში აღარ არის. ის ცხოვრების სტილად და ადამიანების გაერთიანების სივრცედაც იქცა. სწორედ ამ იდეით შეიქმნა თბილისში ORA – ადგილი, რომელიც მოძრაობას, დასვენებას, ჯანსაღ კვებასა და სოციალურ გარემოს ერთ კონცეფციაში აერთიანებს. სტუდიის დამფუძნებლები ანასტასია კოსტაჩე და ეთერ გაიაშვილი სხვადასხვა სფეროში დაგროვილ მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას აერთიანებენ: მარკეტინგიდან, ბრენდინგიდან და სტუმარმასპინძლობიდან დაწყებული, პილატესის საერთაშორისო პრაქტიკით დასრულებული. ORA-ს შექმნამდე მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასზე მეტი პილატესის სტუდია მოინახულეს, რათა თბილისში ისეთი სივრცე შეექმნათ, რომელიც ადამიანებს მხოლოდ ვარჯიშისთვის კი არა, იმ განსაკუთრებული ატმოსფეროსთვისაც მიიზიდავდა, რაც თანამედროვე ველნეს-კულტურის განუყოფელი ნაწილია. როგორ გაჩნდა ეს იდეა, რას ნიშნავს ORA და რა ხედვით აშენებენ მის მომავალს – ამის შესახებ ინტერვიუში თავად დამფუძნებლები გვიყვებიან.

როგორ გაჩნდა ORA-ს შექმნის იდეა? ანასტასია: ORA-ს იდეა შემთხვევით გაჩნდა. ერთ-ერთი ლანჩის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ორივეს დიდი ხნის სურვილი გვქონდა, თბილისში სრულიად განსხვავებული პილატესის სივრცე შეგვექმნა. თანაც ერთი ხედვა გვაერთიანებდა. გვსურდა ევროპასა და ამერიკაში პოპულარული დინამიკური ჯგუფური ვარჯიშების ფორმატი ისეთი გარემოსთვის გაგვეცნო, სადაც ადამიანები მხოლოდ სავარჯიშოდ კი არ მოვიდოდნენ, არამედ იმ განსაკუთრებული ატმოსფეროს, ურთიერთობებისა და ემოციების გამოც, რომელიც ამ სივრცეს ახლავს.

ამ იდეამ ძალიან სწრაფად მიიღო რეალური სახე, ავიღეთ საბანკო სესხი და პროფესიონალ გუნდთან ერთად დავიწყეთ იმ სივრცის შექმნა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდით. ჩვენი გამოცდილებები ერთმანეთს იდეალურად ავსებს. ეთერი წლების განმავლობაში კორპორაციულ და სახელმწიფო სექტორში მუშაობდა, თუმცა სპორტი ყოველთვის მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. დეკრეტული შვებულების პერიოდში მან პილატესის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი და მოძრაობის მიმართულებით დამატებითი პროგრამები გაიარა და დღეს საერთაშორისო სერტიფიცირებული პილატესის ინსტრუქტორი და მოძრაობის სპეციალისტია. ამასთანავე, ის თბილისში ბუტიკურ სასტუმროსაც მართავს, რაც სტუმარმასპინძლობის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოცდილებას აძლევს.

ეთერი: ანასტასიას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს PR-ისა და მარკეტინგის სფეროში, სასტუმროებისა და რესტორნების ინდუსტრიაში. მას უმუშავია დუბაიში, ნიუ-იორკში, მოსკოვსა და მაიამიში. დღეს ის წარმატებული მეწარმეა, ჯილდოს მფლობელი Shavi Coffee Roasters-ისა და ახლად გახსნილი Ginza Matcha-ს თანადამფუძნებელი, რომელმაც ORA-ში საერთაშორისო ბრენდინგისა და ბიზნესის განვითარების გამოცდილება შემოიტანა.

გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენს გუნდს მესამე პარტნიორის სტატუსით შემოუერთდა ჩვენი მეგობარი თინა – აშშ-ში დაბადებული ქართველი, რომელიც პილატეს რეფორმერის დიდი მოყვარულია. თავიდანვე მივხვდით, რომ ის ჩვენი ხედვისა და ORA-ს მომავალი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა.

ერთობლივად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასზე მეტი პილატესის სტუდია მოვინახულეთ და დავრწმუნდით, რომ სწორედ ის დინამიკური ჯგუფური ფორმატი და ძლიერი საზოგადოებრივი კულტურა, რომელიც ევროპასა და ამერიკაში ასე გვხიბლავდა, თბილისში ჯერ კიდევ არ არსებობდა.

დღეს ORA ჩვენი განსხვავებული გამოცდილებების, საერთო ხედვისა და რწმენის შედეგია, რომ პილატე სი მხოლოდ ვარჯიში არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები შთაგონებას, ენერგიას, ახალ კავშირებსა და დაბრუნების სურვილს პოულობენ.

რა მნიშვნელობა აქვს სახელწოდება „ორა“-ს და რას გამოხატავს ის თქვენი კონცეფციის შესახებ?

ORA იტალიური და ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ახლა“. ეს მნიშვნელობა სრულად შეესაბამება პილატესის მთავარ პრინციპებს – აწმყოში ყოფნას, კონცენტრაციასა და სხეულსა და გონებას შორის ჰარმონიას. სწორი სახელის შერჩევას საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ. გვინდოდა, ის არა მხოლოდ ლამაზად ჟღერებულიყო, არამედ ჩვენი ფილოსოფიაც ზუსტად გადმოეცა. როდესაც სიტყვა ORA აღმოვაჩინეთ, მაშინვე ვიგრძენით, რომ სწორედ ეს იყო ის, რასაც ვეძებდით.

ORA მხოლოდ პილატესის სტუდია არ არის, ის პილატესის სოციალური კლუბია, სადაც მოძრაობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ადამიანებს შორის ურთიერთობები ერთიანდება. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია ივარჯიშო, განიტვირთო, შეხვდე მეგობრებს, აღიდგინო ენერგია და თავი საკუთარ სივრცეში იგრძნო.

რატომ გადაწყვიტეთ მოძრაობა, დასვენება, ჯანსაღი კვება და სოციალური გარემო ერთ სივრცეში გაგეერთიანებინათ? თავიდანვე ვიცოდით, რომ არ გვინდოდა უბრალოდ კიდევ ერთი ფიტნეს სტუდიის შექმნა. ჩვენი მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზე კომპლექსურად იზრუნებდა. ცხადია, მოძრაობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ხდება ვარჯიშამდე და მის შემდეგ. ბოლო წლებში საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიხსნა არაერთი სპორტული კლუბი, ველნეს-სტუდია და მსგავსი კონცეფციის სივრცე. ამავდროულად, თანამედროვე ადამიანისთვის დრო სულ უფრო ძვირფასი რესურსია, ამიტომ დღეს ადამიანები ეძებენ გამოცდილებას, რომელიც მათ დროს მაქსიმალურ ღირებულებას შესძენს, სივრცეს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი გააზრებულად იქნება გაერთიანებული და თითოეული წუთი შინაარსიანად დაიხარჯება.

სწორედ ამ იდეაზეა დაფუძნებული ORA-ს კონცეფციაც. აქ შეგიძლია ივარჯიშო, დაისვენო, მიირთვა სმუზი ან ყავა, იმუშაო, შეხვდე მეგობრებს ან უბრალოდ, სასიამოვნოდ გაატარო დრო. გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ჯანმრთელობა, კომფორტი, ურთიერთობები და ცხოვრების ხარისხი ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს.

რით განსხვავდება თქვენი სივრცე საქართველოში არსებული სხვა მსგავსი დაწესებულებებისგან? ჩვენ თავიდანვე ევროპული და ამერიკული გამოცდილებით ვიხელმძღვანელეთ. პირველივე დღიდან ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო როგორც სივრცის დიზაინი, ისე სტუმრის სრული გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თითოეულ დეტალს – რემონტს, ინტერიერს, მასალების ხარისხსა და იმ პროდუქტებს, რომლებსაც სტუმრებს ვთავაზობთ.

გვინდოდა, ხარისხი ყველა დეტალში ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, Reformer-ის აპარატები ესპანეთიდან ჩამოვიტანეთ, საპნებისა და შხაპის პროდუქტებისთვის ავირჩიეთ ნიუ-იორკული პრემიუმ-ბრენდი Malin + Goetz, ხოლო სავარჯიშო აქსესუარები ამერიკული Bala-სგან შევიძინეთ. სტუმრებს უმაღლესი ხარისხის ყავას, პრემიუმ ხარისხის პროტეინის ბარებსა და სმუზებს ვთავაზობთ, რომლებიც, ჩვენი მომხმარებლების შეფასებით, დღეს თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა.

არანაკლები ყურადღება დავუთმეთ თავად ვარჯიშს. მაგალითად, ჩვენი რეფორმერის დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური აუდიო სისტემითა და ჯგუფური ვარჯიშებისთვის სპეციალურად განკუთვნილი მიკროფონებით, რაც საქართველოში ჯერ კიდევ იშვიათია. მუსიკა ჩვენი კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია და მალე თითოეულ გაკვეთილს სპეციალურად შერჩეული ფლეილისტებიც კიდევ უფრო განსაკუთრებულ განწყობას შესძენს.

თუმცა ვფიქრობთ, რომ მთავარი განსხვავება კონკრეტულ დეტალებში კი არა, იმ განცდაშია, რომელსაც ადამიანი ORA-ში შემოსვლისთანავე იღებს. სივრცის დიზაინი, ატმოსფერო, მომსახურება, პროდუქტები, ვარჯიშები და სტუმართმოყვარეობა ერთ მთლიან გამოცდილებას ქმნის. თითქმის ყველა სტუმარი აღნიშნავს, რომ აქ განსაკუთრებული, თბილი და გამორჩეული გარემოა. სწორედ ამის შექმნა იყო ჩვენი მთავარი მიზანი.

რამდენად გაიზარდა ბოლო წლებში საქართველო

ში ინტერესი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სხეულზე ზრუნვის მიმართ? ეთერი: რამდენიმე წლის განმავლობაში ვენაში ვცხოვრობდი და რეგულარულად, სამ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი საქართველოში. ამ პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებიც უცვლელად შევინარჩუნე და შეიძლება ითქვას, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში თბილისის თითქმის ყველა სპორტული დარბაზი და სტუდია მაქვს გამოცდილი. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ფიტნესისა და ველნესის მიმართულება განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად განვითარდა. დღეს ადამიანებს ბევრად მეტი არჩევანი აქვთ – თანამედროვე სპორტული კლუბები, სტუდიები და ველნეს-სივრცეები. ათი წლის წინ ქალებისთვის სპორტდარბაზში სიარული გაცილებით ნაკლებად გავრცელებული იყო, ვიდრე ახლა, და მიხარია, რომ ეს რეალობაც მნიშვნელოვნად შეიცვალ რა ცვლილებებს ამჩნევთ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ თქვენს კლუბს?** მიუხედავად იმისა, რომ ORA ჯერ ახლახანს გაიხსნა და გრძელვადიან შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, უკვე მივიღეთ ძალიან საინტერესო და პოზიტიური გამოხმაურებები ჩვენი წევრებისგან.

ბევრი ამბობს, რომ ქრონიკული ტკივილები შეუმცირდა, სხეული უფრო მოქნილი გახდა და მუცლისა და სხეულის ღრმა კუნთები საგრძნობლად გაუმაგრდა. ზოგი აღნიშნავს, რომ მეტი ენერგია აქვს, უკეთ მოძრაობს და საკუთარ სხეულთან სრულიად ახალი კავშირი იგრძნო. არიან წევრებიც, რომლებიც წონის კლებასა და ფიზიკური ფორმის აშკარა გაუმჯობესებაზე გვიყვებიან.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები მხოლოდ ფიზიკურ ცვლილებებს არ ამჩნევენ. ისინი საუბრობენ უკეთეს აღნაგობაზე, თავდაჯერებულობის ზრდაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო თავისუფალ მოძრაობასა და საერთო კეთილდღეობის განცდაზე. სწორედ ეს შედეგებია ჩვენთვის ყველაზე ღირებული, რადგან გვჯერა, რომ პილატესის გავლენა ვარჯიშის ფარგლებს ბევრად სცდება.

თქვენს სახელწოდებაში სიტყვა „სოციალური კლუბიც“ ფიგურირებს. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ადამიანებს შორის ურთიერთობებისა და ერთობის განცდის შექმნა? ეს ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა არა უბრალოდ ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ სავარჯიშოდ მოდიან, არამედ სივრცე, სადაც თავს საზოგადოების ნაწილად იგრძნობენ. გვჯერა, რომ ადამიანისთვის მოძრაობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ურთიერთობები, მხარდაჭერა და კუთვნილების განცდა.

ჩვენ სხვა სტუდიებს კონკურენტებად არ აღვიქვამთ. პირიქით, ჩვენი სურვილია, რომ თბილისში პილატესისა და ველნეს-კულტურის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება ჯანსაღი ცხოვრების წესით, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

გვინდა, ORA იქცეს ადგილად, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ, ახალ მეგობრებს შეიძენენ და ყოველთვის სასიამოვნო გარემო დახვდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვარჯიშისთვის მოდიხარ, ყავის დასალევად, სმუზის მისართმევად თუ უბრალოდ დროის გასატარებლად. ჩვენი მიზანია, აქედან წასვლისას თავი იმაზე უკეთ იგრძნო, ვიდრე მოსვლისას.

რა პრინციპებით არჩევთ მწვრთნელებსა და თანამშრომლებს და რა ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მწვრთნელმა გაიზიაროს ORA-ს ხედვა და ღირებულებები, უყვარდეს თავისი საქმე და მზად იყოს, ჩვენთან ერთად განვითარდეს. ინსტრუქტორობის მსურველს მინიმუმ ერთი პროფესიული სერტიფიკატი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თუმცა მხოლოდ კვალიფიკაცია არ არის საკმარისი. ადაპტაციის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმასაც, რამდენად ერგება თითოეული ადამიანი ჩვენს კონცეფციას და როგორბშეუძლია საკუთარი სწავლების სტილის კიდევ უფრო დახვეწა.

გახსნიდან სულ რამდენიმე კვირაში ბელგიიდან მოვიწვიეთ მოძრაობის საერთაშორისო სპეციალისტი, რომელმაც ჩვენს გუნდთან შიდა ტრენინგები ჩაატარა. ეს პროცესი დაეხმარა როგორც ინსტრუქტორების პროფესიულ განვითარებას, ისე ჩვენი პროგრამებისა და საერთო კონცეფციის კიდევ უფრო დახვეწას.

გვჯერა, რომ ჩვენს სივრცეში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მუდმივად ვუზიარებთ გუნდს ORA-ს ფილოსოფიასა და ღირებულებებს, რათა ისინი ბუნებრივად აისახოს თითოეულ ვარჯიშსა და თითოეულ სტუმართან ურთიერთობაში.

რა გეგმები გაქვთ მომავალში და როგორ წარმოგიდგენიათ ამ სივრცის განვითარება რამდენიმე წლის შემდეგ? უახლოეს მომავალში არაერთ საინტერესო სიახლეს ვგეგმავთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია ინფრაწითელი საუნის დამატება, რომელიც უკვე ამ შემოდგომაზე ამოქმედდება. ასევე, ვგეგმავთ სხვადასხვა დონის პილატესის გაკვეთილების დანერგვას, სპეციალურ პროგრამებს მამაკაცებისთვის, ორსულებისა და მშობიარობის შემდგომი აღდგენის კლასებს. ამასთან ერთად, გვინდა უფრო მეტი საინტერესო თანამშრომლობა ადგილობრივ ბრენდებთან, თემატური ღონისძიებები და გამოცდილებები შევთავაზოთ ჩვენს წევრებს. ჩვენს გეგმებშია ცოცხალი DJ-ს თანხლებით ვარჯიშები, ველნეს-სემინარები, გასვლითი რეტრიტები და სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიება, რომლებიც ტრადიციული ფიტნესის ფარგლებს გასცდება.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, თბილისში რეგულარულად მოვიწვიოთ საერთაშორისო მწვრთნელები. გვჯერა, რომ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა და სწავლების მეთოდების გაზიარება ჩვენს წევრებს კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას შესთავაზებს.

რა თქმა უნდა, განვითარების ამბიციური გეგმებიც გვაქვს. ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება ORA-ს ძლიერი საზოგადოების შექმნასა და საუკეთესო გამოცდილების უზრუნველყოფაზეა მიმართული, თუმცა მომავალში კონცეფციის გაფართოებასა და უფრო მეტი ადამიანისთვის გაზიარებასაც აუცილებლად ვგეგმავთ.

რა იქნებოდა თქვენი ერთი მთავარი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჯერ კიდევ აჭიანურებენ? ანასტასია: ნუ გადადებთ. დაიწყეთ დღეს, თუნდაც ყველაზე პატარა ნაბიჯით. ბევრს ჰგონია, რომ ცვლილებისთვის იდეალური დრო, განსაკუთრებული მოტივაცია ან სრულყოფილი გეგმა სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი ერთი მცირე გადაწყვეტილებით იწყება. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ის ინვესტიციაა, რომლის შედეგსაც ყოველდღიურად იღებთ – როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად და მენტალურად. არ არის აუცილებელი, ყველაფერი ერთდროულად შეცვალოთ. მთავარია, უბრალოდ დაიწყოთ. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ საკუთარ თავს სწორედ ამ პირველი ნაბიჯისთვის გადაუხდით მადლობას.

ეთერი: თუ დამატებითი მოტივაცია გჭირდებათ, წამოიყვანეთ დედა, მამა, მეუღლე, შვილი ან მეგობარი. როცა ერთად ვარჯიშობთ, ეს პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება და ურთიერთობებსაც კიდევ უფრო აძლიერებს. არაერთხელ გვინახავს, როგორ იქცა ერთობლივი ვარჯიში ოჯახის წევრებისა და მეგობრების დაახლოების მიზეზად და როგორ დაეხმარა ადამიანებს ახალი, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებაში. ზოგჯერ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწყება ბევრად უფრო მარტივია, როცა ამ გზას შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად გადიხარ.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.