Georgian Airways ჟურნალი ENG
ველნესი

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯეთლაგი, პრაქტიკული გზამკვლევი კომფორტული მოგზაურობისთვის

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯეთლაგი, პრაქტიკული გზამკვლევი კომფორტული მოგზაურობისთვის

ჯეთლაგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომელსაც მოგზაურები რამდენიმე დროის სარტყლის გადაკვეთის შემდეგ აწყდებიან. ის ჩვენი ორგანიზმის შიდა ბიოლოგიური საათის დარღვევით არის გამოწვეული და შეიძლება გამოვლინდეს დაღლილობით, უძილობით, კონცენტრაციის გაძნელებით, გაღიზიანებითა და ენერგიის ნაკლებობით.

სასიხარულო ამბავი ის არის, რომ რამდენიმე მარტივი წესის დაცვით შესაძლებელია ჯეთლაგის სიმპტომების მნიშვნელოვნად შემცირება ან თავიდან აცილებაც კი.

ალბათ, ბევრს გვქონია ასეთი გამოცდილება: ოცნების ქალაქში ჩადიხარ, ყველაფერი მზად არის ახალი თავგადასავლებისთვის, მაგრამ შენი ორგანიზმი სრულიად სხვა დროს ცხოვრობს. მაშინ, როცა ადგილობრივი დროით დილაა, შენ დაძინება გინდა, ხოლო ღამის დადგომისას მოულოდნელად ენერგიით ივსები. სწორედ ეს არის ჯეთლაგი – ჩვენი ბიოლოგიური საათის დროებითი დაბნეულობა.

ადამიანის ორგანიზმი ძალიან ზუსტ რიტმზე მუშაობს. მას საკუთარი „შიდა საათი“ აქვს, რომელიც არეგულირებს ძილს, სიფხიზლეს, ენერგიის დონეს, სხეულის ტემპერატურასა და ჰორმონების გამომუშავებას. როდესაც რამდენიმე საათობრივ სარტყელს სწრაფად გადავკვეთთ, სხეულს ახალი დროის მიღება ერთბაშად უჭირს.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საინტერესო და ეფექტური ხერხი, რომელიც ჯეთლაგის გავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს.

დაიწყეთ მოგზაურობა არათვითმფრინავში, არამედ რამდენიმე დღით ადრე

გამოცდილი მოგზაურები ერთ პატარა საიდუმლოს იყენებენ: ისინი ახალ დროზე ადაპტაციას გამგზავრებამდე იწყებენ.

თუ აღმოსავლეთის მიმართულებით მიფრინავთ, მაგალითად, აზიაში, რამდენიმე დღით ადრე დაძინება ყოველდღიურად 30-45 წუთით ადრე დაიწყეთ. თუ დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებით, პირიქით, ძილის დრო ოდნავ გადასწიეთ.

ორგანიზმს ცვლილებების თანდათან მიღება ბევრად უფრო მარტივად შეუძლია.

თვითმფრინავში ნუ დაელოდებით ძილის სურვილს

როგორც კი ბორტზე ახვალთ, საათი დანიშნულების ადგილის დროზე გადაიყვანეთ და ამ დროით დაიწყეთ ფიქრი.

თუ იქ ღამეა, შეამცირეთ ეკრანის გამოყენება, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას და დასაძინებლად მოემზადეთ. თუ იქ დღეა, ეცადეთ, არ დაიძინოთ და აქტიური დარჩეთ.

ტვინი იმაზე სწრაფად ეგუება ახალ რეჟიმს, ვიდრე გვგონია.

მზის სხივები თქვენი საუკეთესო მოკავშირეა

ჯეთლაგთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი და ბუნებრივი საშუალება მზის სინათლეა.

დილით 20-30 წუთიანი სეირნობა ორგანიზმს მკაფიო სიგნალს აძლევს, რომ ახალი დღე დაიწყო. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, დანიშნულების ადგილზე ჩასვლის პირველივე დღეს მეტი დრო გარეთ გავატაროთ. ზოგჯერ ერთი გასეირნება უფრო ეფექტურია, ვიდრე რამდენიმე ფინჯანი ყავა.

მოერიდეთ „დამღლელ დასვენებას“

ბევრი მოგზაური სასტუმროში მისვლისთანავე საწოლში წვება „მხოლოდ ნახევარი საათით“, რომელიც ხშირად სამსაათიან ძილად გადაიქცევა. შედეგი კი ის არის, რომ საღამოს ძილი აღარ მოდის და ადაპტაციის პროცესი კიდევ უფრო რთულდება. თუ აუცილებლად გჭირდებათ დასვენება, 20 წუთიანი ძილი სრულიად საკმარისია.

წყალი – ყველაზე აუცილებელი მოგზაურობის თანამგზავრი

თვითმფრინავის სალონში ჰაერი ძალიან მშრალია, რაც ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

გაუწყლოება კი ჯეთლაგის სიმპტომებს აძლიერებს:

თავის ტკივილს; დაღლილობას; კონცენტრაციის დაქვეითებას; გაღიზიანებას.

ყოველ საათში რამდენიმე ყლუპი წყლის დალევა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ჩვევაა, რომლის დანერგვაც ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია.

არ დაიწყოთ დღე დიდი რაოდენობით ყავით

მიუხედავად იმისა, რომ ყავა დროებით ენერგიას გვმატებს, მისი ზედმეტი მიღება ორგანიზმს კიდევ უფრო აბნევს. სპეციალისტები გვირჩევენ, კოფეინი მხოლოდ დილის საათებში მივიღოთ და დღის მეორე ნახევარში თავი შევიკავოთ.

იარეთ, რაც შეიძლება მეტი

მსუბუქი ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს სწრაფად აღვიძებს. არ არის აუცილებელი ინტენსიური ვარჯიში. საკმარისია: 30 წუთიანი გასეირნება; მსუბუქი გაჭიმვები; სუნთქვითი ვარჯიშები. ეს სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ენერგიის დონეს ბუნებრივად ზრდის.

პატარა საიდუმლო

არსებობს მარტივი წესი: პირველ დღეს არ იჩქარო… არ დაგეგმოთ გადატვირთული შეხვედრები, ხანგრძლივი ექსკურსიები ან მნიშვნელოვანი საქმეები ჩასვლისთანავე. საკუთარ ორგანიზმს მიეცით დრო, რომ ახალ გარემოს მოერგოს.

ხშირად სწორედ პირველი დღე განსაზღვრავს მთელი მოგზაურობის ხარისხს.

ჯეთლაგი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი არ არის. სწორი მომზადებითა და რამდენიმე მარტივი ჩვევით შესაძლებელია ორგანიზმის ახალ დროზე სწრაფად გადართვა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოგზაურობა პირველივე დღიდან ენერგიით, სიამოვნებითა და ახალი შთაბეჭდილებებით დაიწყოს.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.