Georgian Airways ჟურნალი ENG
კულტურა

ვერა ფაღავა

ვერა ფაღავა

ვერა ფაღავა წარმოშობით ქართველი საფრანგეთში მოღვაწე მხატვარი იყო, რომელიც XX საუკუნის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენლად ითვლება.

ვერა 1907 წელს დაიბადა თბილისში. დედა ალექსანდრა ნინეიშვილი განათლებით პედაგოგი და პირველი გიმნაზიის დირექტორი იყო. მამა იური ფაღავა იურისტი, იგი 1920-1921წლებში დიპლომატიური სამსახურით ირანში იმყოფებოდა და 1922 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ავადმყოფობის გამო გერმანიაში სამკურნალოდ წავიდა ოჯახთან ერთად.გამგზავრება დროებითი იყო,მაგრამ გარემოებათა გამო მათი სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოხერხდა. 1923 წელს ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა.

ვერა დეკორატიულ ხელოვნებათა სკოლაში დადიოდა, ლექციებს მას პოპულარული მხატვარი და სკულპტორი ანდრე ლიოტე უტარებდა.1934-1939 წლებში ვერა რანსონის აკადემიაში როჟე ბისიესთან სწავლობდა.სტუდენტობისას ვერა დაუახლოვდა რანსონის აკადემიის ჯგუფს,მოგვიანებით იგი შეუერთდა ლიონში მხატვრების გაერთიანებას „Temoignage“.

ვერა ფაღავა ფრანგულ საზოგადოებას 1944 წელს გალერისტმა ჟან ბიშუმ გააცნო. გალერისტს რომელიც აღფრთოვანებული იყო ვერა ფაღავას შემოქმედებით,დიდი წვლილი მიუძღვის მისი ნიჭის აღმოჩენასა და პოპულარიზაციაში.ბიშუმ პიკასოს მეგობარი ქალბატონის დორა მარის ნამუშევრების გვერდით გამოფინა ვერას ნამუშევრები რათა უფრო მეტი ხალხი მოეზიდა და სანახავად მოსულთ ვერა აღმოეჩინათ. ვერას ნახატების პერსონალური გამოფენა რამდენჯერმე მოეწყო 1947, 1951, 1954, და 1960 წლებში.

1930-იანი წლების ფინანსურმა კრიზისმა ფაღავების ოჯახიც მნიშვნელოვნად დააზარალა. მხატვრობის გარდა ვერა მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა საქმიანობასაც ეწეოდა. 1930-იან წლებში ტექსტილზე მუშაობდა,ქსოვდა.1940 წელს მედდის განათლება მიიღო და დაჭრილებს უვლიდა. 70-იანი წლებიდან თავის რჩენა საკუთარი ფერწერული ნამუშევრების გაყიდვით დაიწყო. ფერწერის პარალელურად ფრესკულ ხელოვნებას ნაზიარები მხატვარი პარიზში მენილმონტანის და ავე მარიას ქუჩებზე საბავშვო ბაღებისთვის ქმნიდა მონუმენტურ-დეკორატიულ პანოებს, აკეთებდა ვიტრაჟებს დიჟონის სენტ-ჟოზეფის ეკლესიისთვის,მხატვრულად აფორმებდა ტერეზ ავილელის, პიერ ლეკიურის ლექსების კრებულებს და მილა გაგარინის პოემებს.1958 წელს ვერა ფაღავამ რომის პაპ, იოანე XXIII-გან სპეციალრი ოქროს მედალი მიიღო,ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის „ამაღლება“. მსოფლიო გამოფენისთვის შეკვეთილი ეს ნახატი დღეს გალერეა „დარიალში“ ინახება.

60-იანი წლების დასაწყისში ვერა ფაღავას შემოქმედება აბსტრაქციონიზმმა მოიცვა,სადაც ხელოვანმა საკუთარი თავი და შემოქმედებითი თავისუფლება სულ სხვა კუთხით აღმოაჩინა.აკვარელში შესრულებულმა მისმა ამ პერიოდის ნამუშევრებმა 1966 წელს ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საფრანგეთის ეროვნული პავილიონი წარადგინა. 1972 წელს საფრანგეთში ქართველი ემიგრანტის თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პარიზში ვერა ფაღავას ნამუშევრებით გაიხსნა გამოფენა „დარიალი“, სიმბოლური სახელით, რომელიც გალერისტის ქართულ ფესვებს უკავშირდებოდა. გალერეა 1996 წლამდე ფუნქციონირებდა მისი წამყვანი მხატვარი კი ვერა ფაღავა იყო.

პირველად 2012 წელს AC/VP-ს (ვერა ფაღავას ასოციაცია) ინიციატივით დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში მოეწყო რეტროსპექტივა, 23 სექტემბერს კი თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან თანამშრომლობით მხატვრის კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა „მდუმარე ქალაქები“ გაიხსნა,სადაც 1950-იან და 1980-იან წლებში შესრულებული ის ფერწერული ტილოები და აკვარელები გამოიფინა,რომლითაც მხატვარი მდუმარე ქალაქების არქიტექტურის შესახებ გვიამბობს.სიჩუმე თანმდევია ვერა ფაღავას ნამუშევრებისთვის. გამოფენაზე AC/VPის კოლექციის გარდა, ნამუშევრები კერძო და საჯარო კოლექციებიდან იყო წარმოდგენილი.

ვერა ფაღავას ნახატების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებში გერმანიასა და შვეიცარიაში ინახება, მისი

15 ნახატი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი გრენობლის ხელოვნების მუზეუმში. მხატვარმა გარდაცვალებამდე გალერეა „დარიალს“ გადასცა თავისი ნამუშევრები, რომლებიც ამჟამად ვერა ფაღავას ასოციაციის საკუთრებაშია. ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა აბსტრაქციონისტის სამი ნამუშევარი; „უცნობი“-1967, „პატარა საქართველო“ 1979, და სამი გრაფიკული ჩანახატი, რომელიც ერთ ჩარჩოშია ჩასმული „ღვინის წიგნი, ფასარგადი, მეტაფიზიკური პოემები“(1977-1979).

ვერა ფაღავა 1988 წელს გარდაიცვალა იგი ითვლება მხატვრად, რომელმაც ქართული კულტურული ფესვები ევროპულ მხატვრობას დაუკავშირა და მნიშვნელოვანი კვალი დატოვა XX საუკუნის ხელოვნებაში.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.