Georgian Airways ჟურნალი ENG
მოგზაურობა

ღამის თბილისის გიდი

ღამის თბილისის გიდი

თბილისი მრავალფეროვანი ხასიათით გამოირჩევა. დღის მანძილზე მისი განწყობა მშვიდი და ცვალებადია, ხოლო მზის ჩასვლის შემდეგ, ნამდვილი თავგადასავლების ეპიცენტრად იქცევა. თბილისის ღამის ცხოვრება ერთი მიმართულებით არ შემოიფარგლება. სურვილების შესაბამისად, თავის გართობის სტილს აქ ყველა იპოვნის. გასართობი ადგილების არჩევანი დიდია: ღამით სანახავი ღირსშესანიშნაობებიდან დაწყებული, ხმაურიანი, ენერგიული კლუბებით, ვიწრო ქუჩებში დამალული ბარებით და კონცეპტუალური, საინტერესო სივრცეებით დასრულებული. ამ სტატიაში იმ საუკეთესო ადგილების შესახებ გიამბობთ, რომლებიც თბილისურ ღამეებს თქვენთვის დაუვიწყარს გახდის.

მთაწმინდა – მთაწმინდა ადგილი, სადაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს, ძველი და ახალი არქიტექტურა კი ერთმანეთს ერწყმის. განსაკუთრებით, აღსანიშნავია განათებული თბილისის ანძა, რომელიც ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მთავარი ორიენტირია. სასიამოვნო შთაბეჭდილებების გასამრავალფეროვნებლად, სტუმრებისთვის მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა ცალკე რიტუალია, რათა გამორჩეული ღამის თბილისის ხედებში მოგზაურობა დანიშნულების ადგილამდე დაიწყოს.

მშვიდობის ხიდი – თანამედროვე დიზაინის ხიდი თბილისის გამორჩეულ და მრავალფეროვან ხასიათს უსვამს ხაზს. ღამის საათებში ხიდზე სეირნობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. ათასობით ნათურა ხიდის ტალღოვან კონსტრუქციაზე ანათებს, მის სინათლეს კი, მტკვარი ირეკლვას. ამ ვიზუალური ეფექტით, ხიდზე სეირნობა მომავლის დერეფანში გავლას ჰგავს, რომელიც ძველ თბილისს რიყის პარკთან აკავშირებს. ფერების პალიტრა, რომელიც ხიდის განათებით და წყლის ერთობლიობით ზედაპირზე იქმნება, ღამის თბილისის რომანტიკულ სულს აცოცხლებს.

დედაენის ბაღი – თბილისის ახალგაზრდული ღამის ცხოვრების ეპიცენტრია, სადაც ადამიანები მდინარის პირას, სკეიტ-პარკთან ან მწვანე გაზონების მიმდებარედ იკრიბებიან. განათებული მშრალი ხიდის ფონზე ეს ადგილი, თავისუფლების და ცოცხალი ქალაქის კულტურის განწყობას ქმნის. დედაენის ბაღში ღამით, ყოველთვის ისმის გიტარის ხმა, სკეიტბორდების ხმაური და მტკვრის შრიალი.

ლეღვთახევის ჩანჩქერი – აბანოთუბანის გუმბათების გავლით, კლდეებს შორის ვიწრო ხის ბილიკით, ლეღვთახევის ჩანჩქერთან მიხვალთ. ღამით, კლდეები და თავად ჩანჩქერიც ფერადი ფერებითაა განათებული. აბა ნოთუბნის ხმაურიანი კაფეებიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ამ ჩანჩქერთან მოხვედრა სრულად აქრობს ქალაქის ხმაურს და სტუმარს ქალაქის ცენტრში წყლის სასიამოვნო ხმის მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.

ბეთლემის ქუჩის კიბეები და კლდისუბანი – ადგილი, სადაც ძველი თბილისის სული განსაკუთრებით იგრძნობა. ბეთლემის ქუჩის აღმართზე ასვლა წარსულში ნამდვილ მოგზაურობას ჰგავს. ვიწრო, განათებული ქუჩები, საუკუნოვანი აგურის კედლები და სიმშვიდე. ღამის ხედი განათებულ სოლოლაკზე, ნარიყალასა და აივნებიან სახლებზე თბილისის ღამის ხასიათს და განწყობას იდეალურად გაგრძნობინებთ.

თბილისის ზღვის მონუმენტი „საქართველოს მატიანე“ – ქალაქის მისტიკა, სივრცის მაქსიმალური შეგრძნება და სასიამოვნო ჰაერი. თბილისის ზღვის მონუმენტი ღამით, სტუმრებზე გამორჩეულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ღამის განათება გიგანტურ სვეტებს მეტად მასშტაბურს და იდუმალს ხდის. მონუმენტის სიმაღლიდან ერთ მხარეს თბილისის ზღვის ანარეკლი, მეორე მხარეს კი, ღამის თბილისის განათებული ხედები ჩანს.

კიდევ წაიკითხეთ

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?
ავიაცია

Did You Know That an Airplane Needs a Longer Runway for Takeoff in Summer Than in Winter?

ასაფრენი გარბენი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის თვითმფრინავის მაქსიმალურ ასაფრენ წონაზე (MTOW – Maximum Takeoff Weight), გარე ტემპერატურაზე და სხვა ოპერაციულ პირობებზე.

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?
ავიაცია

რატომ ფრინდება და ჯდება თვითმფრინავი ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ?

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქარის საწინააღმდეგოდ აფრენა თვითმფრინავისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.