Georgian Airways ჟურნალი ENG
გასტრონომია

ქართული ყველი

ქართული ყველი

ყველი ქართული გასტრონომიის უმნიშვნელოვანესი პროდუქტია და ქართველებისთვის საკვები დანიშნულების გარდა, ერთ დიდ ამბავს წარმოადგენს, რომლის ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. საქართველოში, 8 ათასი წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელიც კია შემონახული, რაც საქართველოს მდიდარი ყველის ისტორიას უსვამს ხაზს.

ქართული ყველი როგორც გასტრონომიული ნიმუში ბევრ სახეობას აერთიანებს. თითქმის ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი ყველის სახეობა აქვს.

ქართული ყველის სახეობების გაცნობას თქვენთვის, იმერული ყველით დავიწყებთ. იმერული ყველი მოუხარშავი ყველის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ხელით ამოყავთ, რის გამოც მას ზოგჯერ „ხელურ“ ყველსაც უწოდებენ. ახალამოღებულ რძეში შესადედებლად კვეთს, „ყველის დედას“ ამატებენ და დაბალ ცეცხლზე დგამენ. რძის შედედების შემდეგ კი, ხელით იწყებენ მორევას. პროცესის შედეგად წარმოქმნილ მასას ზომიერად წურავენ, აგუნდავებენ და თიხის ან ხის გობზე გადააქვთ. მარილის ბალანსირებული გემოს და ტექსტურის მისაღებად ყველს ქვამარილით ამარილებენ. ეს ტექნოლოგია ყველის მარილით ზომიერ გაჯერებას და ნასვრეტების განვითარებას უზრუნველყოფს. იმერული ყველის მომზადების პროცესი, მარილიან წყალში – „წათხში“ გადატანით სრულდება.

სულგუნი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა. როგორც ამბობენ, სულგუნი პირველად მეგრელებმა და სვანებმა მოამზადეს. ყველის ეს სახეობა, კამეჩის ან ძროხის ახალმოწველილი რძისგან მზადდება. გადასაზელი სასულგუნე ყველი თხელ ფურცლებად იჭრება და ზომიერი რაოდენობის ცხელ წყალში ლაგდება. ამის შემდეგ, ის მაგრად იზილება, ხელზე იხვევა, შემდეგ კიდევ იზილება, ბრტყელდება, მდუღარე რძეში ან წყალში იდება, რის შემდეგაც მიღებული მასის დაგრეხვა ახლიდან იწყება, შემდეგ კი, გუნდის ფორმით იკვრება.პროცესის დასრულებამდე სულგუნის ზედაპირს ხელით აპრიალებენ, ცივ მარილწყალში ავლებენ, მარილს აყრიან და ხის გობში დებენ. სულგუნის ცალკე სახეობას მიეკუთვნება შებოლილი სულგუნი. მის მოსამზადებლად სხვა ტექნოლოგია გამოიყენება. ამ დროს ყველი მაღლა იკიდება და კვამლი შორიდან უვლის. შებოლვის პროცესი მინიმუმ ორი თვე მიმდინარეობს.

იმერული ყველი და სულგუნი ქართული ყველის ყველაზე პოპულარული სახეობებია, თუმცა მრავალსახეობათაგან ნაკლებად ცნობილი ყველის სახეობების გაცნობას ტენილი ყველით დავიწყებთ.

ტენილი ყველი, მესხური ყველია, რომლის ანალოგიც მთელ მსოფლიოში არ არსებობს. ის თერმულად დამუშავებული გადაზელილი ყველის ძაფებია, რომლის დამზადებაც ძალზე შრომატევადია. მწარმოებელს ყველის ეს სახეობა თმის ღერის სისქემდე დაყავს. ამის შემდეგ, მას მდუღარე წყალში ავლებენ, ჭიმავენ, შემდეგ , მარილწყალში ავლებენ, გასაშრობად კი თოკებზე გადაფენენ. პროცესის ბოლოს, ტენილ ყველს ნაღებში ავლებენ და ქოთნებში დებენ. ამ ქოთნებს თავზე ახურავენ და ნაცარზე პირქვე დებენ, რათა იქ დარჩენილი წყალი გამოვიდეს. ამ მდგომარეობაში მას რამდენიმე კვირა აჩერებენ რათა, წყალმა ყველი არ დაამჟაოს. კარგად გამომშრალ და ნაღებში ამოვლებულ ყველს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავენ. მესხებს დაძველებული ყველი მოსწონთ. მას დიდხანს ინახავენ და სუფრაზეც მხოლოდ სადღესასწაულოდ გამოაქვთ.

კალტი ყველაზე ძვირადღირებული ქართული ყველია, რომელიც მთიან რეგიონებშია გავრცელებული. ისტორიულად, ხმელი კალტი ძირითადად მწყემსების საკვებს წარმოადგენდა და დღემდე ასეა, რადგან ის შესანიშნავად თრგუნავს შიმშილის გრძნობას. ის ადვილად ტრანსპორტირებადია და მეცხვარეებისთვის, რომლებიც მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს. კალტი უამრავი სასარგებლო ნივთიერებით არის გაჯერებული და მწყემსებისთვის „ცოცხალი აფთიაქის“ ფუნქციას ასრულებს.

აჭარული ჩეჩილი ყველის სახეობაა, რომელიც გარეგნულად დიდ თოკს გავს. პროდუქტი ზაფხულში ძროხის მოხდილი რძისგან მზადდება.

დამბალხაჭო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ყველია. მისი სამშობლო მთიულეთი და ფშავია. ის ობიანი ყველის კვერი გახლავთ, რომელიც ხაჭოსაგან მზადდება. ძველად მას მიწაში მარხავდნენ, მაგრამ დღეს მას ამ წესით აღარ ამზადებენ. ქაღალდში გახვეულ დამბალხაჭოს ქოთნებში ინახავენ და ალბობენ. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას დამბალხაჭო. როგორც წესი, დამბალხაჭოს ერბოში წვავენ და ისე მიირთმევენ. მისი მეორე სახელი ერბო-ხაჭოა.

აღსანიშნავია, რომ ტენილ ყველს და დამბალხაჭოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ნარჩვი უძველესი სვანური ყველია. სვანები მას კარგად ფშვნიან, კარაქში გადაზელენ და ხის დიდ, მაღალ ყუთებში დებენ რომელიც კოშკს ჰგავს. ზემოდან ქვებს ადებენ და წყალი გამოჰყავთ. ნარჩვის ანალოგია ჩოგი – გუდის ყველის ნაირსახეობა, რომელსაც თუშები ამზადებენ. ჩოგი ივლისსა და აგვისტოში ცხვრის მოუხდელი რძისგან მზადდება.

საქართველოს ყველის კულტურა მხოლოდ კულინარიული ტრადიცია კი არა, გემოების ენციკლოპედიაა, სადაც თითოეულ რეგიონს თავისი იდენტობა აქვს. სულგუნიდან გუდამდე არსებული ყველის მრავალფეროვნება გვახსენებს, რომ ქართული ყველი არა მხოლოდ ყოველდღიური საკვები, არამედ კულტურული მემკვიდრეობა და გასტრონომიული სიმდიდრეა, რომელიც ქვეყნის ისტორიას ანვითარებს, მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს და როგორც გურმანების, ისე მოგაზურების გულებში გემრიელ ადგილს იკავებს.

კიდევ წაიკითხეთ

ფრენა სხვადასხვა ამინდში
ავიაცია

ფრენა სხვადასხვა ამინდში

წვიმიანი ამინდი ფრენას არ აფერხებს. იმ შემთხვევაში, თუ ხილვადობა ნაკლებია, პილოტები სპეციალურ სანავიგაციო მოწყობილობებს იყენებენ, ხოლო სველი ბილიკი დასამუხრუჭებლად უფრო გრძელ დისტანციას მოითხოვს.

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად
მოგზაურობა

როგორ ვაქციოთ ფრენა თავგადასავლად ბავშვებთან ერთად

ბავშვებთან მოგზაურობა ხშირად მშობლებისთვის სერიოზულ გამოცდას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ფრენა შეიძლება იქცეს დაუვიწყარ თავგადასავლად, ისეთ ამბად, რომელსაც ბავშვები წლების შემდეგ ღი მილით გაიხსენებენ. ყველაფერი იწყება იმ მომენ ტიდან, როცა გადაწყვეტთ, რომ ფრენა…

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი
მოგზაურობა

ბერლინი / BERLIN კლუბური კულტურის მსოფლიო დედაქალაქი

ბერლინი თავისუფალი, ხმაურიანი და შემოქმედებითად დატვირთული ქალაქია. აქ პირველივე წუთიდან ხვდები, რომ რაღაც განსაკუთრებულ სივრცეში მოხვდი. აქაური ღამის ცხოვრება ხომ მთელი მსოფლიოსთვის კულტურულ ფენომენად იქცა.