მერაბ ბერძენიშვილი – ცნობილი ქართველი მოქანდაკე

„ქანდაკება გაჩერებული მოძრაობაა – მომენტი, რომელიც მატერიაში იმახსოვრებს, იმას, რასაც სიტყვები ვერ აღწერს.“ აღნიშნული ციტატა ცნობილი ქართველი მოქანდაკის, ფერმწერის და გრაფიკოსის მერაბ ბერძენიშვილის შემოქმედებას იდეალურად აღწერს. მერაბ ბერძენიშვილი იმ რჩეულ ქართველ მოქანდაკეთა შორისაა, რომლის თითოეულ ნამუშევარში შთამბეჭდავი ძალა, სიმტკიცე და ადამიანური ენერგია იგრძნობა. შემოქმედის მონუმენტებმა ქალაქი არა მხოლოდ ვიზუალურად გაალამზა, არამედ მათში ღრმა აზრი, ისტორია, ხასიათი და სული ჩადო, რაც მნახველს აფიქრებს. მერაბ ბერძენიშვილი ის ხელოვანია, ვისთვისაც ქვა, ბრინჯაო თუ თიხა სამყაროსთან დიალოგის ფორმას წარმოადგენდა.
იტალიური რენესანსის და მანერიზმის ესთეტიკით შთაგონებულმა ძლიერმა, გმირული ხასიათის პლასტიკამ, რომელშიც გამოჩენილი ქართველი მეფეების და მითოლოგიური პერსონაჟების ხატებია ასახული, ასევე საქართველოს ისტორიის გარდამტეხი მოვლენებისადმი მიძღვნილმა მემორიალებმა, ქართული ქანდაკების ისტორიაში ცალკე ეტაპი შექმნა, რამაც შემოქმედს სახალხო აღიარება სიცოცხლეშივე მოუტანა. მერაბ ბერძენიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, პროფესორ ნიკოლოზ კანდელაკის ხელმძღვანელობით დაამთავრა. მოქანდაკის სადიპლომო ნამუშევარი – თაბაშირში ჩამოსხმული „რუსთაველი“ დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესასვლელში დგას. აღსანიშნავია რომ, ბრინჯაოში ჩამოსხმული იგივე ძეგლი, მოსკოვში, 1966 წელს აღმართეს.
მერაბ ბერძენიშვილს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების სფეროში დაწესებული ყველა უმაღლესი წოდება და ჯილდო აქვს მიღებული. იგი ქართულ მონუმენტურ ქანდაკებაში XX საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული ეროვნულ-პატრიოტული მიმართულების ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ. ჯილდოების ჩამონათვალი ვრცელი და მრავალფეროვანია როგორებიცაა: საბჭოთა საქართველოს დამსახურებული და სახალხო მხატვარი, საბჭთა კავშირის სახალხო მხატვარი, 1975 წელს მოქანდაკემ რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 2001 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ფრიტიოფ ნანსენის სამახსოვრო მედალი, ხოლო 2014 წელს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებული „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიიღო.
შემოქმედის ქანდაკებებს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 1968 წელს, ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსისთვის მოქანდაკემ მედეას ბრინჯაოს ძეგლი, ასევე გიორგი სააკაძის ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება შექმნა, რომელიც საქართველოს ორ ქალაქში, კასპსა და თბილისში დგას. 1975 წელს მერაბ ბერძენიშვილის შექმნილი ლაოსის მეფის მონუმენტი ქვეყნის დედაქალაქ ვიენტიანში აღმართეს.
მასვე ეკუთვნის ბრინჯაოთი შესრულებული სიმბოლური შინაარსის ცნობილი ქანდაკება მარნეულში, სახელწოდებით „კიდევაც დაიზრდებიან“, რომლისთვისაც სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1995 წელს, დიდგორის სკულპტურულ-არქიტექტურული კომპლექსის შექმნისთვის, მერაბ ბერძენიშვილი, არქიტექტორ თამაზ გაბუნიასთან ერთად, კიდევ ერთხელ გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
თბილისის მთავარ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს მოქანდაკის მიერ შესრულებული საქალაქო ქანდაკებები: ბრინჯაოთი შესრულებული „მუზა“, თუჯით შესრულებული „დავით გურამიშვილი“ და ბრინჯაოთი შესრულებული „დავით აღმაშენებელი“ წარმოადგენს.
მონუმენტური ქანდაკების ფორმატის გარდა, მერაბ ბერძენიშვილი პორტრეტულ ქანდაკებაში, წიგნის გრაფიკის და პლაკატის ჟანრშიც მოღვაწობდა.
მოქანდაკე თბილისის სამხატვრო აკადემიაში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა და მის ცოდნას ახალ თაობას უზიარებდა. უნივერსიტეტში მას პროფესორის პოზიცია ეკავა და აგრეთვე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდათ.
მერაბ ბერძენიშვილის თითოეული ნამუშევრი სუნთქავს და დამთვალიერებელს უხმოდ ესაუბრება. მისი შემოქმედება მუდმივად გვახსენებს რამდენად ღრმა და ძლიერია ადამიანის და ხელოვნების სინთეზი.
მათ გვედით ჩავლისას, თითქოს თავად ავტორი ამბობს, რომ სილამაზეც და სიმტკიცეც ადამიანშია, მთავარი მხოლოდ მათი შემჩნევაა.









